დღეს ისევ ვდგავარ აქ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი და ზუსტად ვიცი რა შემძინა ამ ოთხწლიანმა გამოცდილებამ. ზუსტად ვიცი რა სჭირდება მთაწმინდას, საბურთალოს, კრწანისს, ვაკეს, გლდანს, ნაძალადევს, ისანს, სამგორს, დიდუბესა და ჩუღურეთს. ვიცი თბილისის თითოეული უბნის საჭიროება, კონკრეტული ადამიანების პრობლემები, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მან ზუსტად იცის რა ძალა აქვს თბილისელების მხარდაჭერას ახალი პროექტების განხორციელების დროს და აღნიშნა, რომ მის უკან ძლიერი გუნდი დგას.
„მე ვარ კახა კალაძე – ადამიანი, რომლის წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი. ამ წინასაარჩევნო მარათონში, რა საკვირველია, ჩემი სახელი და გვარი ხშირად გაიჟღერებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ კახა კალაძის უკან დგას პროფესიონალების დიდი გუნდი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას. ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი, ჩემი მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომელი“, – განაცხადა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.