პარტია „ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი და მოქმედი მერი, კახა კალაძე ოფიციალურად დაასახელა. მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
მისი თქმით, კახა კალაძე არის გუნდური მოთამაშე.
„თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოჰკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე – სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების, რომელმაც იცის, რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში. „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს – კახა კალაძეს, – განაცხადა წარდგენისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, კახა კალაძე 2013 წლიდან დღემდე პარტია „ქართული ოცნების“გენერალური მდივანია. 2012 – 2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი იყო. 2017 წლიდან დღემდე კახა კალაძე დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებს.
ღონისძიება მთაწმინდის პარკში, პროტესტის ფონზე გაიმართა. აქცია მედიის წარმომადგენლებმა გამართეს. ჟურნალისტებს თან ჰქონდათ გარადაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერით “დაისაჯონ მოძალადეები”.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.