თბილისის ქუჩებისთვის სერგო ფარაჯანოვისა და კახი კავსაძის სახელების მინიჭების თაობაზე საჯარო განხილვა იწყება

311

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი უძღვებოდა, დედაქალაქის ქუჩებისთვის სერგო ფარაჯანოვისა და კახი კავსაძის სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით სიმბოლურია, რომ სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელდების საკითხი დღეს – კინორეჟისორის გარდაცვალებიდან 31 წლის თავზე განიხილება.

„დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული სხდომაა. ამ დრომდე თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა არ გვქონდა. საზოგადოებას განსახილველად ვთავაზობთ იმ გეოგრაფიულ ობიექტს სადაც დიდი კინორეჟისორი ცხოვრობდა. ასევე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შევარჩიეთ ქუჩა რომელსაც გვსურს კახი კავსაძის სახელი მიენიჭოს“,- განაცხადა სხდომის დასაწყისში მიხეილ ამაშუკელმა.

მისივე განცხადებით, შემდგომი ოცი დღის განმავლობაში, ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინოს და საკრებულოს მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვაში ჩაერთოს.

„საზოგადოებას ჩართულობისკენ მოვუწოდებ. ყველა ის საზოგადო მოღვაწე, ვის სახელსაც დღეს ქუჩებს ვანიჭებთ ქართული და მსოფლიო საზოგადოების მიერ სიცოცხლეშივე აღიარებული და დაფასებულია. თითოეული ქართველი ამაყობს ფარაჯანოვის ფილმებითა და კავსაძის განსახიერებული როლებით. ჩვენთვის ყოველი ადამიანის მოსაზრება მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია. დარწმუნებული ვარ, საჯარო განხილვა ფართო საზოგადოების ისეთივე ჩართულობას გამოიწვევს როგორიც ინტერესია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების მიმართ“,- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრებმა, თბილისის ქუჩებისთვის ქართველი ფთიზიატრის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იოსებ აბაკელიას და მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის სახელების მინიჭების საკითხებიც განიხილეს.