რუსთავის მერია: 20 მლნ ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია

505

მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში უმსხვილეს პროექტს ახორციელებს.
საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც რუსთაველები უკვე დიდი ხანია ითხოვდნენ, დაწყებულია.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობას აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ორსართულიანი დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ, კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა.

შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს: გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა. იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივაც გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდება. მოხდება ტერიტორიის გამწვანებაც.

მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყო და 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.