ხარაგაულის მერია: წელს ხარაგაულის მერიის შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით 10 შეჩერებული პროექტი “გაცოცხლდა“

344

ხარაგაულში წელს ხარაგაულის მერიის შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით 10 შეჩერებული პროექტი “გაცოცხლდა“. სოფელ ნუნისის გზა ათი პროექტიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანთან ერთად, სოფელ ნუნისში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენ გავაკეთეთ 2018-2019 წლებში დაწყებული და შემდეგ შეჩერებული პროექტების გადაფასებაც, გაცოცხლებაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დამატება, რათა ეს პროექტები მოქმედებაში მოგვეყვანა.

მიმაჩნია რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მისმა ყველა რგოლმა განსაკუთრებით მოადგილეეებმა, ბატონმა ვარლამ ჭიპაშვილმა და დავით დევდარიანმა ინფრასტრუქტურის მიმართულების სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა კარგად იმუშავეს და საერთო ჯამში გუნდური მუშაობით ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სახეზე გვაქვს,”- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

სოფელ ნუნისში ბეტონის საფარი 1 225 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 217 042 ლარი გახლდათ.

კობა ლურსმანაშვილი:,,ეს სოფელი გამორჩეული არის თავისი მდებარეობით, ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი, ცნობილი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. სოფელში დღემდე იყო პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მოსახლეობა ითხოვდა რომ ჰქონოდათ კეთილმოწყობილი გზა. ჩვენ განვაახლეთ შეჩერებული პროექტი, რომ დაწყებული გზის რეაბილიტაცია დასრულებულიყო.

ნუნისი – ზვარის დამაკავშირებელი გზის ნაწილი უკვე გაკეთებულია, მეორე ნაწილი ვფიქრობთ, რომ მოლითამდე ჩამოვა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ახალ მაგისტრალს შეუერთდება.

მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ბევრ შესაძლებლობებს აძლევს მოსახლეობას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბალნეოლოგიური კურორტის სიახლოვე ქმნის ერთიან კონტექსტს, რომელიც მიმზიდველია ტურისტისთვის. ჩვენი მოვალეობაა შევთავაზოთ სოფელს განვითარებული ინფრასტრუქტურა, რასაც ისინი ჩვენგან როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ელოდებიან.

ცენტრალური ხელისუფლების, მაჟორიტარი დეპუტატის, საკრებულოს ჩართულობით და მერიის თანამშრომლების მაქსიმალური ყურადღებით ხორციელდება პროექტები, ვახორციელებთ მაქსიმალურ მონიტორინგს და ვხდებით მოსახლეობას, რომ მივიღოთ მათი უკუკავშირი, რამდენად კმაყოფილები არიან იმით რასაც ვაკეთებთ.“

სოფელში, პანდემიის მიუხედავად, დამსვენებლების მოლოდინში არიან, აქ სეზონი 15 ივლისს იხსნება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

“დღემდე ძალიან ძნელი იყო ჩვენამდე მოსვლა, კარგი გზა გაგვიუმჯობესებს საქმიანიობას,რაც ნამდვილად სასიხარულოა. დამსვენებლები უფრო კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას, ნუნისში თითქმის ყველა აქირავებს ოთახებს, გზა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის”, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ციალა მანჩხაშვილი.