იფიქრე იდეაზე – წარადგინე შენი პროექტი შენი ქალაქისთვის, ამ სახელწოდებით ხარაგაულის მერია სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამისთვის მოსახლებას იდეების წარდგენას სთავაზობს. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.
მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2022 წლიდან ხარაგაულის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი.
“წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამისთვის 150 000 ლარი განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს.
საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა, თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.
მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს გამოავლინოს ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც მომავალში სხვადასხვა ქუჩებზე, უბნებში, მრავალბინიანი სახლების ეზოებში განხორციელდება.
აღნიშნული პროცესი ექვს ეტაპს მოიცავს და 19 სექტემბრიდან 8 ნოემბრამდე გრძელდება.
20 სექტემბერს ჩანიშნულია ღია კარის დღე, მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა ხარაგაულის მერიაში გაიმართება”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი – 30 სექტემბრამდე;
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა – 1 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრმდე.
კენჭისყრის ეტაპი – 11 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალიწინების მიზნით – 1 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე.
20 სექტემბერს ჩანიშნულია ღია კარის დღე, საკონსულტაციო შეხვედრა ხარაგაულის მერიაში გაიმართება.
მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
მათ შორის:
- ინფრასტრუქტურული;
- ახალგაზრდული;
- საგანმანათლებლო;
- კულტურული;
- სოციალური;
- სპორტული;
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდება.
სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს მიერ მომზადებულია პროგრამის განვითარების გეგმა, 19 სექტემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე kharagaulinews.ge განთავსდება სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინიციატივებს წარმოადგენენ.
საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
“სამოქალაქო ბიუჯეტი 2022-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15
ველოდებით თქვენს ინიციატივებს!
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/3encbDW