რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად დოლიძემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“ შეურთდა.
ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის განმარტავს, მისი და მმართველი პარტიის ხედვები ერთმანეთს დაშორდა.
„2017 წლიდან დღემდე რუსთავის საკრებულოში გახლდით ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე. მივიღე გადაწყვეტილება ფრაქციისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ, ვინაიდან პარტიისა და ჩემი ხედვები ადამიანურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან მიმართებით, რბილად რომ ვთქვათ, დაშორდა ერთმანეთს. მადლობა ჩემი ოლქის ყველა მცხოვრებს გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მინდა გულწრფელად, მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ვრჩები ჩემი ოლქის მცხოვრებთა ერთგული და მათი ინტერესების დამცველი. გულწრფელადვე მინდა გაცნობოთ, რომ ვუერთები და ყოველთვის ვიქნები იმ ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გვერდით, ვინც იქნება ხალხისთვის და საქართველოსთვის“, – წერს ზვიად დოლიძე.