ცხინვალის რეჟიმი: პატრიარქ კირილის თხოვნით ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს მოქალაქე შეიწყალა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეში გაიცვალა

303

წინა სტატია

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მიმართა წერილით, რომლშიც სთხოვს, შეიწყალოს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე, რომელიც სასჯელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში იხდის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივი სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, შეწყალებული გაცვლილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქე“ გობოზოვში, რომელიც უკვე სახლში იმყოფება.

“მისი უწმინდესობის თხოვნაზე საპასუხოდ, ანატოლი ბიბილოვის დავალებით კომპეტენტური ორგანოებისადმი, მოხდა საკითხის შემუშავება, მომხდარიყო ზაზა გახელაძის გაცვლა სამხრეთ ოსეთის მოქალაქე ვ. გობოზოვზე, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. მისი უწმინდესობის რუსეთის პატრიარქის თხოვნის გათვალისწინებით და ჰუმანური მოსაზრებებით, პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის შეწყალების თაობაზე, რითაც გამოიჩინა კეთილი ნება დამნაშავისადმი, რომელმაც მოინანია დანაშაული“ , – ნათქვამია დეფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ზაზა გახელაძემ თავად დაწერა თხოვნა შეწყალების შესახებ ანატოლი ბიბილოვის სახელზე, რომელშიც ბოდიშს იხდის თავისი ქმედებებისთვის და მადლობას უხდის დეფაქტო რეჟიმს ჰუმანური მოქცევისთვის.