ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს

318

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გავრცელდა.

“გათავისუფლდეს იგი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი სასჯელისაგან”, – ნათქვამია “განკარგულებაში”. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “განკარგულება” ძალაში შედის დღეიდან.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.