ბოლნისში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნა

316

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები გაიხსნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცენტრის პრეზენტაცია „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ მოეწყო.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მათივე ცნობით, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განივითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ცენტრების ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გაითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს.

ცენტრით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლის ზევით. სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ბაზაზე დაფუძნდა.

აღსანიშნავია, რომ სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები ქვემო ქართლის გარდა კახეთსა და გურიაშიც ფუნქციონირებს.

„დღეს ბოლნისში გაიხსნა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც დასაქმების მაძიებლებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარება, მათ კონსულტაციებს გაუწევს და დამსაქმებელთან დააკავშირებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ ცენტრის მომსახურებით ისარგებლონ. ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს გვერდში აუცილებლად დაუდგება, ჩვენ მსგავს პროექტებს მხარს აქტიურად ვუჭერთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.