ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ამ ეტაპზე სოციალურ სამუშაოებში 22 ათასი მოქალაქეა დასაქმებული

270

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, სოციალურ სამუშაოში ჩართვის სურვილი პირველ ეტაპზე 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა, თუმცა, გასაუბრების შემდეგ 23 ათასმა უარი თქვა.

როგორც ბარკალაიამ პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე სოციალურ სამუშაოებში 22 ათასი მოქალაქეა დასაქმებული.

„პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი სამუშაოების მიმართ დიდი ინტერესი იყო და დაახლოებით, 60 ათასმა მოქალაქემ მიმართა დასაქმების სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს. პირველადი კონსულტაციის შემდეგ დაახლოებით, 22-23 ათასმა მოქალაქემ უარი განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვაზე. მოქალაქეების ნაწილმა, 4200-მა პირმა აირჩია არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება, ხოლო 22 ათასი მოქალაქე დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებში. 22 ათასი მოქალაქიდან დაახლოებით, 21 ათასი არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე შექმნილი ვაკანსიები. ძირითადი აქტივობები არის სკვერების, არხების, გზების, შენობების დალაგება, გაახლება, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, 45 სოციალურად დაუცველი აქტიურად იყო ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში და არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტების დონეზე საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ და მათი მხარდაჭერით“, – განაცხადა ბარკალაიამ და დასძინა, რომ პროგრამაში მოქალაქეების იძულების მექანიზმი ჩადებული არ არის, განსხვავებით ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა.

„პირიქით, წახალისების მექანიზმი გვაქვს ჩადებული, რომ დასაქმების შემთხვევაში 4-წლიანი დამატებითი ბენეფიტი ექნებათ, არ დასაქმების შემთხვევაში პერიოდული გადამოწმება“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე განმარტებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან პროგრამისთვის 40 მილიონი ლარია გამოყოფილი.