საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დამატებით 3 სოფლის მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს

285

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს 2021 წლის გეგმით გაწერილი პროექტების განხორციელებას.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ამჯერად საპროექტო სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების – თოხლიაურის, დიდი ჩაილურისა და პატარა ჩაილურის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარეობს.

„დიდ ჩაილურსა და პატარა ჩაილურში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს, ამორტიზებული სათავე ნაგებობიდან მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება.

თოხლიაურში მოსახლეობის ნაწილი წყლით მარაგდება კუსტარულად მოწყობილი დრენაჟის ტიპის სათავე ნაგებობიდან, ობიექტი ამორტიზებულია, წყლის დებიტი კი, სეზონების მიხედვით, ცვალებადია. მოსახლეობის მეორე ნაწილი წყლით მარაგდება ხევში არსებული დრენაჟის ტიპის სათავე ნაგებობიდან, რომლიდანაც წყალი წყალშემკრებში გროვდება და უბნებში ნაწილდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები, მაგისტრალური მილები, წყალმომარაგების ქსელი, სატუმბი სადგური, ჭაბურღილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს, სატუმბ სადგურსა და წყლის სათავე ნაგებობებს.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 8,8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულება 2023 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც, სამ სოფელში მცხოვრებ 3 000 ადამიანს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.