პრობლემებს შორის, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას აწუხებს, უმთავრესი წყლის მომარაგების სისტემის მოწყობას უკავშირდება. სწორედ ამ პრობლემაზე გააკეთა აქცენტი საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატთა ნაწილმა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის გადაჭრაში თანადგომა ითხოვა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
როგორც გაირკვა, სოფელ გულიანში წყლის სისტემის მოსაწყობად 214 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა, პრობლემა მაინც არ მოგვარებულა და მოსახლეობა ისევ წყლის გარეშეა დარჩენილი.
ამის შესახებ ირაკლი მარშანიშვილმა ისაუბრა, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოში “ევროპულ საქართველოს” წარმოადგენს. დეპუტატს კითხვა უჩნდება, მიუხედავად პროექტის გახორციელებისა, რატომ არ აქვს სოფელ გულიანს წყალი?!
“214 ათასი ლარი გამოიყო წყლის სისტემის მოსაწყობად. მილები ტყუილადაა დაყრილი, სოფელს წყალი არ აქვს. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?!” – კითხულობს მარშანიშვილი.
დეპუტატის პასუხად მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე განმარტავს, რომ გულიანში წყალმომარაგების სისტემის გახორციელებისას ხარვეზი წარმოიქმნა ჭაბურღილის მოწყობის საკითხში:
“ჭაბურღილში წყალი არ ამოდის, დოკუმენტაცია გადაგზავნილია შესასწავლად შესაბამის ორგანოებში”, – ამბობს სამსახურის უფროსი.
როგორც ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, გარდა გულიანისა, მსგავსი პრობლემა სუფსაშიც წარმოიშვა და საქმეს, ორივე შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ.
მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების პრობლემებზე ისაუბრა ნიგოითის მაჟორიტარმა ზაზა წულაძემაც, რომელმაც სხდომაზე სიტყვით გამოსვლა ჯერ მადლობების სერიით დაიწყო:
“ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში დამთავრდა ტაძრის მშენებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, აპარატის თანამშრომლებს”, _ თქვა წულაძემ, რომელმაც მუნიციპალიტეტის პირველი პირებიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლებით დამთავრებული, არავინ დაივიწყა. წულაძემ გზების დეპარტამენტის მისამართითაც გამოთქვა მადლიერება გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.
“ასეთი ზაზა ჩვენ არ გვახსოვს – “ოსკარის” დაჯილდოებაზე ვართ, მგონი”, – ეუცხოვათ ნიგოითის მაჟორიტარისგან მსგავსი გამოსვლა საკრებულოს წევრებს.
თუმცა, მადლობების სერიის შემდეგ წულაძე ისევ ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდა და ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა, რაც სოფელში უწყლობას ეხებოდა:
“ნიგოითში, პირველ ბრიგადაში უწყლობის პრობლემაა. შევისწავლე სათავე-ნაგებობაზე წყლის დებეტი და საერთოდ არ არის – ნულია! არის ალტერნატივა, სადაც პროექტი იქნება გასაკეთებელი, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 17-18 ათასი, მაქსიმუმ, 20 ათას ლარამდე დაჯდება. რასაც ვუყურებ, მუნიციპალიტეტის შემოსულობებიდან არ უნდა გაჭირდეს ამ თანხის მოძიება და არ უნდა იყოს ეს რთული საქმე. დაახლოებით, ორი წელი და ცხრა თვეა, წყალი არაა, 80-მდე ოჯახი წყლის გარეშეა”, – ამბობს ზაზა წულაძე.
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით კი, წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობა არ არის მარტივი საქმე და არც ზემოთ ნახსენები თანხაა საამისოდ საკმარისი:
“მიმდინარე სიტუაციაში ვერ გეუბნებით, რომ საკითხი გადაწყდება. მხოლოდ მაშინ, როცა გამოჩნდება საშუალება და საკმარისი თანხები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება, კაპიტალურად გაკეთება. 15-20 ათასი ლარი არ იქნება საკმარისი ამ საქმის გასაკეთებლად”, – თქვა სარიშვილმა.