ბათუმის გენგეგმის დოკუმენტს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ შეიმუშავებს. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ შესაბამის კონკურსში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა. როგორც „სითი ინსტიტუტის“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ bm.ge-ს განუცხადა, უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
„ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმ მეთოდოლოგიით, რომლის საფუძველზეც მოგვენიჭა გამარჯვება. ჯერ კვლევების ეტაპი გვექნება. არ გვინდა მასალების შეგროვების, ანალიზის გარეშე, ვისაუბროთ. დოკუმენტაციაში წარმოდგენილი გვაქვს ის დეტალური გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც განვახორციელებთ ჩვენ პროექტს“, – აღნიშნა სალუქვაძემ და დასძინა, რომ დაახლოებით ერთი წელი იმუშავებს “სითი ინსტიტუტი” პროექტზე, ამას დაემატება რევიზიის პერიოდი. საერთო ჯამში კი ეს პროცედურები დაახლოებით ორ წელიწადს მოითხოვს.
ამასთან, მამუკა სალუქვაძე კვლევების შედეგებისა და მდგომარეობის შესწავლის გარეშე, ბათუმის ურბანულ გამოწვევებთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა, აღნიშნავს რომ ქალაქის მთავარი გამოწვევები ქაოსური განაშენიანება, საინჟინრო ქსელის სირთულეები, ძველი ქალაქის დაცვა და ნაპირდაცვის საკითხია.
„მედეგი, ინკლუზიური, მწვანე და უსაფრთხო ქალაქი – ეს მიმართულებები გენგეგმაში იქნება ჩადებული. ჩვენთან ერთად ისევ გერმანელი და ფრანგი პარტნიორები იმუშავებენ, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ თბილისის გენგეგმიდან მოყოლებული“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, „სითი ინსტიტუტმა“ თბილისის და გორის გენგეგმაზე იმუშავა.