თურნავა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

366

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩვენი ერთ-ერთო საკვანძო დარგია. ამ სფეროში, სულ მცირე, 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ათწლიანი ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, ეს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.

„ჩვენი შავი ზღვის სანაპირო არის კარიბჭე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. ამ მიმართულებით დღეს სამი დიდი პროექტი მიმდინარეობს. ესაა ფოთის პორტის გაფართოება, „პეისის“ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც აშშ – ის თანადაფინანსებით ხორციელდება და ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩვენი პრიორიტეტია. სულ მალე ძველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გადახედვის პროცესი დასრულდება და ჩამოვყალიბდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ ეს პროექტი უფრო მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობასა და ახალქალაქში სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დასრულებაზე, რომელიც ახალი სარკინიგზო მიმართულების – ბაქო – თბილისი – ყარსის საკვანძო პუნქტია. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა წარმატებით ავითარებს თბილისის მახლობლად ე.წ. მშრალი პორტების ქსელს და ამ მიმართულებით პირველი წარმატებული პროექტები უკვე ხორციელდება.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, შეეხებოდა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს, სადაც უწყების ცნობით, მგზავრთა გამტარუნარიანობა გაოთხმაგდა. მისი თქმით, კოპიტნარში ასევე მიმდინარეობს კარგი ტერმინალის განვითარება, რომელიც ტვირთებს მოემსახურება.

ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე, კერძოდ, ისაუბრა საბორნე – საფიდერო მიმოსვლაზე საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების პორტებს შორის.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.