ბორჯომში, სოფელ სადგერში ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი–1“–ის რეაბილიტაცია შეჩერდა. „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ეს დროებითია და მუშაობას ისევ გააგრძელებენ, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ძაბვის გაზრდას არ გეგმავს და მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა. ამის შესახებ სახმრეთის კარიბწე წერს.
მოსახლეობას კომპანიის დაპირების არ სჯერა და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ადგილობრივებმა უკვე მიმართეს „სიაიას“, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციას, ენერგოომბუდსმენს და სემეკს.
სამუშაოები კომპანიამ მოსახლეობასთან შეთანხმებით დროებით შეაჩერა, თუმცა, მუშაობის გაგრძელებას ისევ აპირებს.
„დროებით შეჩერებულია, სავარაუდოდ ძალიან მალე განახლდება მუშაობა, მოსახლეობასთან სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, რადგან იქ სადავო საკითხებია და ამიტომ მოხდა ასე“,– ამბობს სს „ენერგო–პრო–ჯორჯია“ ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ავთანდილ დვალიშვილი.
ავთანდილ დვალიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აცხადებს, რომ სიმძლავრის გაზრდა არ იგეგმება.
„თუ აღნიშნული ხაზის რეკონსტრუქცია– რეაბილიტაცია არ დასრულდება, საფრთხე შეექმნება 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატის ჩატარებას. მეორე საკითხი არის კიდევ ის რომ ეს ხაზი XX საუკუნის 50– 60–ან წლებშია აშენებული, რომელიც მოძველდა. ეს ხაზი მაშინაც 35 კილოვატიანი გადამცემის იყო და ახლაც ასე რჩება. არ იზრდება სიმძლავრე, პასუხისმგებელი ვარ. უბრალოდ უფრო მეტი ელექტრო–ენერგიის გატარება მოხდება. რაც გარკვეულ საათიანი კილოვატ–ენერგიის უფრო მეტ მიწოდებას ნიშნავს“, – განმარტავს ავთანდილ დვალიშვილი.
მიმდინარე წლის გასულ თვეს, სს „ენერგო–პრო–ჯორჯია“ ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ სიმძლავრე იზრდებოდა. ავთანდილ დვალიშვილი კი ამბობს, რომ „შეიძლება გაუგებრობა მოხდა, რადგან კომპანია სიმძლავრის გაზრდას ნამდვილად არ აპირებს“
„მთავრობამ კომპანიას მისცა ნებართვა, რომ გაეძლიერებინა ეს ხაზი. ის ბოძები რომელიც უნდა დაიდგას არ იქნება ადგილობრივების საკუთრებაში, ეს ტერიტორია ყველა სახელმწიფოს საკუთრებაშია. კომპანიამ ამისთვის ძალიან დიდი თანხები გადაიხადა, რომ პროექტი შეეცვალა არცერთი მესაკუთრე დაეტოვებინა უყურადღებოდ. გაძლიერების გარეშე ფიზიკურად ვერ დაკმაყოფილდება ბაკურიანის მოთხოვნა და ის ოლიმპიადა, რომელიც 2023 წელს უნდა ჩატარდეს ვერ გაიმართება“, – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა 29 ივნისს.
ბორჯომში, სოფელ სადგერში ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი–1“–ის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა. ერთწლიანი დავის შემდეგ 2021 წლის მარტში გადაწყდა, რომ „ენერგო–პრო ჯორჯია“ სოფელ სადგერში ადგილობრივების ნაკვეთებიდან ელექტროგადამცემ ანძებს მოშორებით, ტყის მასივში გადაიტანდა, ეს კი მას შემდეგ დაიწყებოდა, როცა კომპანიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავდნენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობასთან შეხვედრა არავის გაუმართავს, შედეგად ნაკვეთებიდან ანძების ნაწილი გადააქვთ, ნაწილს კი ტოვებენ.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ სოფელ სადგერის ტერიტორიიდან მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების გადატანასთან დაკავშირებით, „ენერგო–პრო–ჯორჯიამ“ შეცდომაში შეიყვანა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, 2020 წლის მარტში, ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეგონა, რომ კომპანია ადგილობრივების ნაკვეთებიდან ყველა ანძას გაიტანდა, რაც ასე არ მოხდა. „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ რვა ანძიდან მხოლოდ ოთხი გადააქვს.