29 ივნისს ბორჯომში, სოფელ სადგერში მცხოვრებლებმა, რომლებიც წლებია კუთვნილი ნაკვეთებიდან, მაღალი ძაბვის ანძების გატანას უშედეგოდ ითხოვენ, დასახმარებლად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართეს, წერილი გაუგზავნეს ენერგოომბუდსმენსაც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იძულებულები არიან დასახმარებლად ყველა უწყებას მიმართონ რადგან, ენერგოპრო –ჯორჯიას წარმომადგენლები მათთან კონტაქტზე არ გამოდიან. მათი პროტესტის მიუხედავად, კომპანია სამუშაოებს განაგრძობს, ვითარებას ადგილზე პოლიცია აკონტროლებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საია-ს წარმომადგენელი, ქეთი ბებიაშვილი სოფელ სადგერში ადგილობრივებს დღეს, 29 ივნისს შეხვდა.
„ჩვენ გამოვითხოვთ ინფორმაციას, როგორც მუნიციპალიტეტიდან, ისე „ენერგო–პრო–ჯორჯიადან“, ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ვნახოთ წარმოებული სამუშაოების კანონიერება. როგორც ჩვენთვის ცნობილია აქ საუბარია ძაბვის გაფართოებაზე, მანამდე კი საუბარი იყო არსებულის განახლებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად არის სწორად შესწავლილი მდებარეობა, რადგან ადგილი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები მეწყერსაშიში ზონაა და ესეც მნიშვნელოვანი გარემოებაა. საუბარია საკუთრების უფლების ხელყოფაზე. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გადავწყვეტთ სასამართლოსთვის მიმართვის საკითხს. დოკუმენტაციიდან გამომდინარე მოხდება მსჯელობა შემდეგ ნაბიჯებზე“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.
სადგერის მოსახლეობა, პრობლემის მოგვარების თხოვნით, ენერგოომბუდსმენს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასაც მიმართავს, ომბუდსმენთან წერილი დღეს, 29 ივნისს გაგზავნეს.
„მივწერეთ ომბუდსმენს, რომ მოახდინოს რეაგირება ჩვენს პრობლემებზე, „სემეკსაც“ მივმართავთ წერილობით. „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ ჩვენი შეთანხმების გარეშე დაიწყო, ჩვენ საკუთრებაში ბოძების ჩადგმა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გაიტანონ ბოძები. აქ დაზარალებული 30–დან 40 ადამიანია. თავიდან თქვეს ჟანგიან ბოძებს ვიღებთ და ახალს ვაკეთებთო, მაგრამ დაამატეს ერთი ჯაჭვი, რამაც გამოიწვია ბუფერული ზონის გაფართოება, მერე გადააწყვეს მაღალ ძაბვაზე, რამაც შესაბამისად გაზარდა გამოსხივება და.ა.შ“, – აცხადებენ ადგილობრივები.
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ბორჯომიდან ბაკურიანში მიდის, აღნიშნული ანძები ოთხი სოფლის: სადგერის, ტბის, ცემისა და ლიბანის ტერიტორიაზე გადის. ოთხი სოფლიდან ანძების გატანას მხოლოდ სადგერში მცხოვრებლები ითხოვენ.
გასული წლის იანავარში „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი–1“–ის „გაორჯაჭვიანება ხდებოდა და არა სიმძლავრის გაზრდა“, ახლა კი ამბობენ, რომ ანძების შეცვლასთან ერთად იმატებს სიმძლავრეც, რადგან სხვა შემთხვევაში 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ვერ ჩატარდება.
„ცემი 1-ის“ ხაზის გაორჯაჭვიანება ხდება. ეს არ გულისხმობს სიმძლავრის მომატებას. რეაბილიტაცია საჭირო გახდა იმიტომ, რომ ეს ხაზი ამარაგებს ბაკურიანსაც და როგორც იცით 2023 წლისთვის ოლიმპიადაც იგეგმება კურორტზე, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვაახლებთ ხაზებს, უფრო გამძლე და ხარისხიანი რომ იყოს, რათა პრობლემა არ შეიქმნას ტურისტულ ზონაში“, – განაცხადა 2020 წლის 21 იანვარს „ენეგრო–პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ დვალიშვილმა.
გარდა ამისა, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მაღალი ძაბვის ხაზი არა კერძო, არამედ სახელმწიფო ტერიტორიაზე გადის. მათივე თქმით, მოსახლეობამ ტერიტორია თავდაპირველად, ძველი ანძების დადგმის შემდეგ დაიკანონა.
„მთავრობამ კომპანიას მისცა ნებართვა, რომ გაეძლიერებინა ეს ხაზი. ის ბოძები რომელიც უნდა დაიდგას არ იქნება ადგილობრივების საკუთრებაში, ეს ტერიტორია ყველა სახელმწიფოს საკუთრებაშია. კომპანიამ ამისთვის ძალიან დიდი თანხები გადაიხადა, რომ პროექტი შეეცვალა არცერთი მესაკუთრე დაეტოვებინა უყურადღებოდ. გაძლიერების გარეშე ფიზიკურად ვერ დაკმაყოფილდება ბაკურიანის მოთხოვნა და ის ოლიმპიადა, რომელიც 2023 წელს უნდა ჩატარდეს ვერ გაიმართება“ , – განგვიცხადეს „ენერეგო–პრო–ჯორჯიაში“.
ბორჯომში, სოფელ სადგერში ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი–1“ ის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა ერთწლიანი დავის შემდეგ 2021 წლის მარტში გადაწყდა, რომ „ენერგოპრო ჯორჯია“ სოფელ სადგერში ადგილობრივების ნაკვეთებიდან ელექტროგადამცემ ანძებს მოშორებით, ტყის მასივში გადაიტანდა. ეს კი მას შემდეგ დაიწყებოდა, როცა კომპანიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავდნენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობასთან შეხვედრა არავის გაუმართავს, შედეგად ნაკვეთებიდან ანძების ნაწილი გადააქვთ, ნაწილს კი ტოვებენ.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ სოფელ სადგერის ტერიტორიიდან მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების გადატანასთან დაკავშირებით, „ენერგო–პრო–ჯორჯიამ“ შეცდომაში შეიყვანა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, 2020 წლის მარტში, ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეგონა, რომ კომპანია ადგილობრივების ნაკვეთებიდან ყველა ანძას გაიტანდა, რაც ასე არ მოხდა. „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ რვა ანძიდან მხოლოდ ოთხი გადააქვს.