მოქალაქე, რომელმაც ბოლნისში, მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, დააკავეს

368

წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქე, რომელმაც მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს.

წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.