ბოლნისში პლასტმასის ბოთლებით მდინარე დაანაგვიანეს – სამართალდამრღვევის ვინაობა დადგენილია

773

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც პლასტმასის ბოთლებს მდინარეში ყრის.

ამასთან, გაირკვა, რომ სამართალდარღვევა ქვემო ქართლში, კერძოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს“, – აცხადებს უწყება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე.

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6000 ლარია. ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.