მარნეულის მერია საქმიანობის გასაპიარებლად ფულს კიდევ ერთ მედიასაშუალებას გადაუხდის

313

მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარი საქმიანობის გასაპიარებლად კიდევ ერთ მედიასაშუალებასთან გააფორმა ხელშეკრულება. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის, ინფორმაციის მიწოდების მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ 4 784 ლარი გაზეთ „გურჯუსტანს“ გადაუხადა. აღნიშნული მედიასაშუალება მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია, მიუხედავად მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა პროგრამებისა თუ აქტივობებისა რომელსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, რჩება მოსახლეობის ნაწილი ვისთვისაც ელექტრომატარებლებზე და ტელევიზიებში განთავსებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინრე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დამატებით განხორციელდეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციული მასალების, განცხადებების, სხვადასხვა აქტივობების განთავსება ყოველკვირეულად, ბეჭდვით გამოცემაში ეთნიკური უმცირესობების გასაგებ ენაზე (აზერბაიჯანულად)“ – აღნიშნულია მერიის მოხსენებით ბარათში.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, ჯერჯერობით არ იციან რომელ სოფლებში დარიგდება გაზეთები, თუმცა ამბობენ, რომ ბეჭდური მასალის გავრცელებას თვითმმართველობა საკუთარ თავზე აიღებს. ყოველკვირეულად 230 გაზეთს, 26 კვირის განმავლობაში შეიძენენ. ერთი გაზეთის შესყივაში მერია 0.80 თეთრს გადაიხდის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საქმიანობის გაშუქებაში ფულს უხდის კიდევ სამ მედიასაშუალებას. მარნეულის ტელევიზია 95 800 ლარი, შპს „პირველი” 1 800 ლარი, და შპს „პრაიმ თაიმი“ 1 800 ლარი. გამოდის, რომ ჯამში, ადგილობრივი თვითმმათველობა ოთხ მედიასაშუალებას ბიუჯეტიდან 104 184 ლარს უხდის.