ლოგიკას, თუ რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტია არის ყველაზე დიდი, ამიტომ მხოლოდ მისი კანდიდატი უნდა იყოს მერობის კანდიდატი, ნამდვილად არ ვიზიარებ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უნდა იყოს.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს საკუთარი სტრატეგია და ხედვა თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
„ამ ეტაპზე „სტრატეგია აღმაშენებელში“ შიდა მოლაპარაკებები თუ ვინ უნდა იყოს კანდიდატი არ არის დასრულებული. ხედავთ, რომ ეს პროცესი დასრულებული არც სხვა პარტიებშია. თუმცა, ის რომ კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ მხარი, ამაზე გიორგი ვაშაძეს არაერთხელ ჰქონდა პოზიცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლოგიკა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი პარტია, ამიტომ მისი კანდიდატი უნდა იყოს მხარდაჭერილი, არ ჯდება არც ლოგიკაში და არც იმ სტრატეგიაში, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს,“- განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.
როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და „მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, თუ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩება მისი კანდიდატის გარეშე“. ამასთან, ბარამიძის განმარტებით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, შეუძლია არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს.