„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს არ დააყენებს, რათა „ქართულ ოცნებას“ მარტივად არ შეეძლოს ამ პროცესის დისკრედიტაცია და „ოპოზიციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აზელვა“.
როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აჯობებს, თუ ოპოზიციური პარტიები ან საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ, ან კანდიდატს საერთოდ არ დააყენებენ.
„ჩემი აზრით, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი საერთოდ არ უნდა ჰყავდეს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი დამოკიდებულება აქვს, ვინც არ უნდა დააყენო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გახდება. მგონია, რომ არ უნდა დადგეს საერთო კანდიდატი და “ქართულ ოცნებას” უფრო მარტივად არ უნდა შეეძლოს მთელი ამ პროცესის დისკრედიტაცია და ოპოზიციის მარტივად აზელვა “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მასზე გამკლავება. სჯობს, ყველა საკუთარი კანდიდატით გავიდეს ან როგორც ჩვენ ვიქცევით, არ დააყენოს კანდიდატი და მიიღოს მონაწილეობა პროპორციულ არჩევნებში. ოპოზიციის ერთიანობას აზიანებს ის, რომ ოპოზიციიდან ჩვენს კოლეგებს არ უნდათ სერიოზულად ლაპარაკი ამ ქვეყანაში ბევრ სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. ეს აზიანებს ყველაზე მეტად ამ პროცესს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.
როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და „მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, თუ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩება მისი კანდიდატის გარეშე“.