სოფელ არაფლოს, ახლომახმუდლოს, ენიქენდის და სეიდგოჯალოს მოსახლეობის ნაწილი დღეს, 28 ივნისს, მარნეულის მერიის წინ სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შეიკრიბა.
მოსახლეობა რადიო “მარნეულთან” საუბრისას აცხადებს, რომ 15 დღეზე მეტია, რაც სოფლებში სარწყავი წყალი არაა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი უფუჭდებათ.
„ჩვენ ხელშეკრულებებიც გვაქვს, რომ წყალი გვეკუთვნის, უკვე მეორე კვირაა, რაც სარწყავ წყალს ვითხოვთ, გვეუბნებიან დღეს იქნება, ხვალ იქნებაო, მაგრამ წყალი ამ დრომდე არაა. ამბობენ, რომ ცენტრალურ არხში არაა წყალი“ – ამბობს ილგარ შამილოვი
„გვინდა რომ ბაღები მოვრწყათ. ჩვენ ვალები გვაქვს და ბევრი ფული გვაქვს უკვე ჩაყრილი ამ საქმეში, ზოგს რა აქვს დათესილი და ზოგს რა. ჩვენი მოსავალი უწყლობით თუ გაფუჭდა მერე ვინღა აგვინაზღაურებს ზარალს. ჩვენი სოფლისკენ არხი ჩაკეტეს, სხვა სოფლებს აძლევენ წყალს და ჩვენ არ გვაძლევენ. ამბობენ, რომ იქნება, მაგრამ როდის იქნება, 10-15 დღის მერე უკვე ყველაფერი დაიწვება“ – გვითხრა ზუფუგარ ფარაჯოვი
მერიასთან შეკრებილი მოსახლეობის ნაწილს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან და საქართველოს მელიორაციის, ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროს ალექსანდრე შუკაკიძესთან ჰქონდათ შეხვედრა. შეხვედრა ერთ საათამდე გაგრძელდა. როგორც რადიო „მარნეულს“ შეხვედრიდან გამოსულმა აქციის მონაწილეებმა უთხრეს, მერიისაგან და საქართველოს მელიორაციისაგან მიიღეს დაპირება, რომ სარწყავ წყალს სოფელში ხვალ, 29 ივნისს, გაუშვებენ, მაგრამ მხოლოდ სამი დღით.
„წყალი საერთოდ არ გვაქვს, ძროხებისა და ცხვრებისათვის დასალევი წყალიც კი არაა. დაგვპირდნენ, რომ ხვალ სამი დღით წყალს გამოუშვებენ, მაგრამ ეს სამ სოფელს არ გვეყოფა, მთელი ტერიტორიები იწვის“ – თქვა მუსა ბაირამოვმა
„ხელმძღვანელობა შეგვპირდა, რომ ხვალ წყალი იქნება, მაგრამ მხოლოდ სამი დღით. სამი დღის მერე აღარ იქნება და ეს არ გვეყოფა. ამბობენ, რომ სამი დღის შემდეგ სხვა სოფლებში გაუშვებენ“ – ამბობს სოფელ ახლომახმუდლოს მკვიდრი მადი მამედოვი
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს მელიორაციის ხრამი-დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ უკვე მეხუთე დღეა, რაც სომხეთის მხრიდან შემომავალ მდინარე დებედაში წყლის დონემ დაიწია, რის გამოც მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდება გაძნელდა.
„მდინარე დებედაზე არის დაცემული წყლის დონე მიზერულ დონემდე. ეს გულისხმობს იმას, რომ სომხეთიდან შემომავალი მდინარე დებედა უკვე იმ რაოდენობით აღარ შემოდის, რა რაოდენობითაც ერთი და ორი კვირის უკან შემოდიოდა. სატუმბო სადგურების ჩართვა დაიწყეს სომხეთის რესპუბლიკაში მოსახლეობამ რაც ჩვენი წყლის დონის დაკლებას იწვევს. დღის განმავლობაში საერთოდ წყდება წყალი, ძალიან ცოტა რაოდენობის მოდის და სადღაც საღამოს 5-6 საათიდან უკვე ისინი თიშავენ სატუმბო სადგურებს რომლის შედეგადაც შეიძლება უკვე ღამე მოვიდეს წყალი ჩვენთან“ – განაცხადა ალექსანდრე შუკაკიძემ
საქართველოს მელიორაციის ხრამი-დებედას სერვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, პრობლემის მოგვარება საქართველოსა და სომხეთს შორის შეთანხმებით შეიძლება მოხდეს, რათა სომხეთში მოქალაქეებმა სატუმბი სადგურები გარკვეული გრაფიკით ჩართონ, რომ საკმარისი წყალი საქართველოშიც გადმოვიდეს.
შუკაკიძის თქმით, პრობლემა შეექმნა მდინარე დებედაზე დამოკიდებულ ყველა სოფელს რის გამოც საქართველოს მელიორაციამ სარწყავი წყლის გაშვება გრაფიკით გადაწყვიტა.
სარწყავი წყალი ორი დღის განმავლობაში აღმამედლო-კასუმლოს მიმართულებით იქნება გაშვებული, ხოლო მომდევნო ორი დღე არაფლო-ქვემო სარალის მიმართულებით.