ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს წარუდგინა. ფინანსური დოკუმენტი 14 მილიონ 100 ლარით გაიზარდა. აქედან 6 მილიონზე მეტი გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ინფორმაცას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბიუჯეტის ცვლილების მიხედვით, ასევე სხდომაზე ითქვა, რომ გაიზრდება ბაღის პედაგოგების ანაზღაურება. 376 ათას 400 ლარით იზრდება ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება. 851 ათასი ლარით ქობულეთის წყლის სუბსიდირება. ბიუჯეტში ცვლილების საკითხს სიტყვიერი კამათი და ხმაური მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის.
ენმ-საკრებულოს წევრები ამბობდნენ, რომ ბიუჯეტი წინა საარჩევნოდ ხელოვნურად გაზარდეს, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტებით “ქართული ოცნება” ცდილობს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვას.
მირიან ქათამაძე ოპოზიციის კითხვებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ მათი კითხვები დაუსაბუთებელია, რადგან ყველა კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიიღეს. ქათამაძე საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებზე ამბობს, რომ ისინი “ცოდნასთან მწყრალად მყოფი კაცები არიან”.