კვლევას, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულები ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ, ახალციხის მერი პასუხობს. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ამ ფაქტების მიუხედავად, ასეთ კომპანიებს კანონმდებლობა შესყიდვებში მონაწილეობას არ უკრძალავს. იგივე არგუმენტი აქვთ კვლევაში ნახსენები კომპანიების მფლობელებსაც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
რა წერია კვლევაში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა, 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო.
კვლევაში ნათქვამია, რომ შპს „რენესანსი 77-ისა“ და შპს „ნიუ პროჯეკტის“ მფლობელი და დირექტორი დავით ჩაჩანიძე, 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს.
2018-2021 წლებში, „ნიუ პროჯეკტმა“ 15 მოგებული ტენდერით 1 765 580 ლარი მიიღო. აქედან 6 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო (446 098 ლარი), 3 კი – კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე (400 750 ლარი). ამავე პერიოდში, დავით ჩაჩანიძის მეორე კომპანიას, შპს „რენესანსი 77-ს“ 9 სახელმწიფო შესყიდვით 41 951 ლარი დაერიცხა.
კიდევ ერთი მეწარმე, რომელზეც „გამჭვირვალობის“ კვლევაშია საუბარი, თამაზ პეტაშვილია. მისი კომპანია შპს„მესხეთავტოგზა“ 2017 წელს, როგორც შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი, ახალციხის ქუჩებში ასფალტს აგებდა. საქმის მასალების მიხედვით, „მესხეთავტოგზამ“ ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დააგო, ანგარიშგებისას კი გაზრდილი მოცულობები დააფიქსირა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, თამაზ პეტაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
კიდევ ერთი კომპანიის, შპს „სამცხე – XXI-ს“ 71,6 % წილის მფლობელი და დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, 2014 წლის აპრილში, 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.
ფარცახაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან, 2014 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე, შპს „სამცხე – XXI-მ“ 18 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 1 849 410 ლარზე. 2019 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან 88 474 ლარის ოთხი პირდაპირი შესყიდვა გააფორმა ფარცახაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „მშენებელი II-მ“. ფარცახაშვილი ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორიც თავადაა.
რას პასუხობენ კვლევას მასში მოხსენიებული პირები
„ნიუ პროჯექტის“ ხარჯთაღმრიცხველი ბელა ბოჭორიშვილი, რომელიც დავით ჩაჩანიძის მეუღლეა, ამბობს, რომ მათ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტენდერები უკონკურენტოდ არ მოუგიათ. მისი განმარტებით, ყოფილა შემთხვევა, როცა კონკრეტულ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია, ამ დროს მათთვის შეუთავაზებიათ და პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმებიათ.
„ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს უკონკურენტოდ მოგების ამბავი, პირდაპირი ხელშეკრულებები იყო, ოღონდ „ნიუ პროჯექტზე“ არ გაფორმებულა. რამდენიმე ტენდერი ჩაუვარდათ, არავინ არ მიიღო მონაწილეობა და საპროექტო ფირმა „რენესანსზე“ სთხოვეს პირდაპირ გაეფორმებინათ. მაგალითად, იყო ამბულატორიები სოფლის პროგრამების ფარგლებში. თითქმის სამი წელია, მე ვაწარმოებ საბუთებს და მართლა არცერთი ტენდერი არაა უკონკურენტოდ მოგებული, პირიქით, რამდენიმე ტენდერში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ სავარაუდოდ გავიმარჯვოთ. მომხდარა ისეც, რომ ჩვენს წინ ვინცაა მოგებული, იმან თუ ვერ წარადგინა საბუთები და მიიღო დისკვალიფიკაცია, შემდეგ შეიძლება შემდეგი ჩვენ აღმოვჩნდეთ“, – განმარტავს ბელა ბოჭორიშვილი.
მისივე თქმით, ის რომ დავით ჩაჩანიძე წარსულში ნასამართლევია, ეს მათ საქმიანობას არ უკრძალავს.
‘სისულელეა, მე აკრძალული არ მაქვს მუშაობა, ფინანსურ სიძნელეებს განვიცდით და ტექნიკაც შემომიძველდა. ერთი წელია, უკვე ვეღარ ვმუშაობ, სულ გაყინულები ვართ, ყარაულებს ვერ ვინახავ, სულ დამეფანტა ხალხი. უბრალოდ საშუალება არ გვაქვს, რომ ვიმუშაოთ. ადამიანის ფსიქიკასა და თავმოყვარეობაზე მოქმედებს. ის პროცესი მიდიოდა, მოვიგე და გავაკეთე წარმატებით, მარტო დამაჯარიმეს 5 000 ლარით“, – ასე პასუხობს „გამჭვირვალობის“ კვლევაში მოყვანილ ფაქტებს „მესხეთავტოგზას“ დირექტორი თამაზ პეტაშვილი.
„მე არაფერი მქონდა გასასამართლებელი, აკრძალული არ მქონდა და რატომ არ უნდა მიმეღო (ტენდერებში მონაწილეობა), ვინ ამიკრძალა. პირდაპირი შესყიდვა მქონდა, შემომთავაზეს სოფლის პროგრამის ფარგლებში, ორი თუ სამი ობიექტი“, – გვითხრა „სამცხე XXI-ს“ დირექტორმა, გურამ ფარცახაშვილმა.
კვლევაში მოხსენიებულ კიდევ ერთ პირთან, ახალციხის მერის ყოფილ მრჩეველთან, ნოდარ ბალახაშვილთან „სამხრეთის კარიბჭემ“ დაკავშირება ვერ შეძლო.
„ჩვენ ვმოქმედებთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,“ – ახალციხის მერი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი და სატენდერო კომისია ისე მოქმედებს, როგორც შესაბამისი კანონმდებლობა მოითხოვს.
მისი თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების 90 პროცენტს შესაძლოა პრობლემა ჰქონოდა გამოძიებასთან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვთ.
„კანონი რომელიც მოქმედებს შესყიდვების შესახებ, იქ არსად არაა მსგავსი აკრძალვები. ჩვენი მხრიდან, მუნიციპალიტეტმა ყველა ღონისძიება კანონის დაცვით გაატარა. თუ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, რომ მიიღოს ტენდერში მონაწილეობა, მაშინ საქართველოს კანონმდებლობაში შესყიდვების შესახებ უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება და შემსყიდველი ორგანიზაციებიც შესაბამის ღონისძიებას გაატარებენ, ანუ იმოქმედებენ იმ კანონმდებლობის შესაბამისად. რატომ იყო ნასამართლევი, ეს იციან საგამოძიებო უწყებებმა, მუნიციპალიტეტისთვის უზენაესი არის კანონი და ვხელმძღვანელობთ ჩვენ კანონმდებლობით. ყველა კანონის დაცვით გვაქვს ჩატარებული ყველა ტენდერი. შესყიდვები, რომლებიც მანდ მოხსენიებულია და ასე ასაჯაროებენ და ამბობენ, რომ დარღვევებია, რეალურად არაა“, – ამბობს მერი.
ზაზა მელიქიძე კვლევაში მოყვანილ მაგალითებს სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით, პირად აზრს უწოდებს.
„ის რომ უჩიძის (გამჭვირვალობის რეგიონული კოორდინატორი და კვლევის ავტორი) აზრია, რომ შესაძლო კორუფციული გარიგებები იყოს, ახლა იმისი მოსაზრებაა და არა ფაქტი. მოსაზრება ვერასდროს ვერ იქნება კანონზე მაღლა. ჩვენ და კომისია ვმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად. ნასამართლევი ნასამართლევია, ამ მიდგომით თუ მივუდგებით საქართველოში არცერთი სამშენებლო კომპანია არ უნდა ფუნქციონირებდეს“.
რას პასუხობს გამჭვირვალობა ახალციხის მერსა და კომპანიების ხელმძღვანელებს?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი და კვლევის ავტორი, თამუნა უჩიძე ამბობს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ბლოგის მთავარი აზრი ისაა, რომ მსგავსი დანაულისთვის ნასამართლევი პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობაში უფლება არ უნდ ჰქონდეთ, ამისთვის კი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილება უნდა შევიდეს.
„ნასამართლევ პირებს, რომლებსაც გამამტყუნებელი განაჩენი აქვს კონკრეტულად სახელმწიფო შესყიდვებში დარღვევებისთვის და ასევე ბიუჯეტის ფულის მითვისება-გაფლანგვისთვის, არ უნდა ჰქონდეს შესყიდვებში მონაწილეობის უფლება. ამ ნაწილში ზაზა მელიქიძე მართალია, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება. თავად კანონი არ უნდა აძლევდეს შემსყიდველს უფლებას რომ ასეთ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება“, – ამბობს თამუნა უჩიძე.
მისივე განმარტებით, შეიძლება ტენდერში მონაწილეობის დროს შემსყიდველი იძულებული გახდეს, რომ ნასამართლევ პირს ხელშეკრულება გაუფორმოს, მაგრამ როცა მერია პირდაპირ დებს ხელშეკრულებას, ეს უკვე არჩევანია.
“ნოდარ ბალახაშვილმა, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე აღიარა საკუთარი დანაშაული, ეს ხომ იცის კარგად ზაზა მელიქიძემ და ამის გამო მოუწია მას ბალახაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება. როცა მერი ნოდარ ბალახაშვილთან აფორმებს პირდაპირ ხელშეკრულებას ეს ხომ მისი არჩევანია, აქ ხომ ტენდერში პირი შესული არაა?!“ ერთ წლის განმავლობაში მელიქიძემ ხუთი ასეთი ხელშეკრულბა დაუდო მხოლოდ ბალახაშვილს, საპროექტო დოკუმენტებზე და 34 000 ზე მეტი ლარი მიიღო ბალახაშვილმაც“, – ამბობს უჩიძე.
გამჭვირვალობის კოორდინატორი აქ სავარაუდო კორუფციის ფაქტებსაც ხედავს და ეს ცალსახად საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა.
„ძალიან კარგად ვიცით ყველამ ვინც ამ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ რომ ნოდარ ბალახაშვილი იყო ზაზა მელიქიძესთან დასაქმებული და მას აქვს გარკვეული მეგობრული ურთიერთობა, რასაც ვერავის ვერ აუკრძალავს. აქედან გამომდინარე ნოდარი ჯერ იყო ბიზნესში, მერე წავიდა მერიაში, მერე დატოვა მერია და დაუბრუნდა თავის კომპანიას, რომელიც მანამდე სიძეს გადასცა, ეს იყო თვალთმაქცური გარიგება. ეს ყველაფერი აჩენს იმის ეჭვს რომ შესაძლოა ტენდერებში ის წინასწარ რიგდება მერთან, ზაზა მელიქიძესთან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, ბუნებრივია ამას ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ აქ ნამდვილად ასე ხდება, ეს საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა“.
მისივე თქმით, რაც შეეხება ფარცახაშვილს და ჩაჩანიძეს, ისინი ნასამართლევები არიან მითვისება-გაფლანგვისთვის, ამიტომ ასეთ პირებს აღარ უნდა ანდონ ხალხის ფული, “ყველა გამამტყუნებელი განაჩენი არის სახელმწიფო შესყიდვებთან და კონკრეტულად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან კავშირში“, – ამბობს თამუნა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევა 18 ივნისს გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ კორუფციისთვის გასამართლებული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარის მიღება ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.