რამდენიმე დღეა, ახალციხეში ადიგენის ქუჩის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება

355

ახალციხეში, ადიგენის ქუჩაზე, N20-სა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები სასმელი წყლის გარეშე არიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიას უკვე მიმართეს, თუმცა  უშედეგოდ, კომპანიაში კი გვიმტკიცებენ, რომ პრობლემის შესახებ არაფერი იციან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ეკა მაისურაძე ადიგენის ქუჩის მცხოვრებია. მას სასმელი წყალი მოშორებით მცხოვრები მეზობლებისგან მოაქვს.

„ვინც გვამარაგებს, მათ მივმართეთ  და იყვნენ კიდევაც მოსულები, გვეუბნებიან, რომ აუზი სავსეა, წყალს უშვებენ, მაგრამ არ იციან სად იკარგება. ვითხოვეთ, თუ გაფუჭებულია და პრობლემაა ამ ეტაპზე წყლის გამოშვება, ცისტერნებით მაინც მოეტანათ. ამის დაპირება 3 დღის წინ მივიღეთ,  მაგრამ არავის არაფერი მოუტანია. არც მოსულან მას შემდეგ. მეზობელი გვცემს პატივს, სადაც წყალი მოდის, ვატანთ ბალონებს  და მოაქვს, რომ სასმელად მაინც გვქონდეს, მაგრამ ეტყობა, სხვა არაფერი გვჭირდება, დაბანა და რამის გარეცხვა არ გვინდა ალბათ“, – ამბობს ეკა მაისურაძე

ადიგენის 20 ნომერში ცხოვრობს ფატიმა დიაკონაშვილიც, რომელსაც წყლის მოტანა მეზობლებისგან უწევს.

„მე მეორე სართულზე ვცხოვრობ და საერთოდ არ მოდის. ქვემოთ ხანდახან მაინც გამოწინწკირდება ხოლმე. საბარგო სადგურის დასახლებაში ავდივარ და იქიდან ჩამომაქვს სასმელი წყალი. მეხუთე დღეა, საერთოდ არ მოსულა. აქ მოვიყვანეთ უფროსი [წყალმომარაგების კომპანიის, სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ხელმძღვანელი], ვნახეთ ყველაფერი ადგილზე, გახეთქილიც იყო და გააკეთეს, ამბობენ  სარწყავადაა გაშვებულიო, მაგრამ თუ სარწყავადაა გაშვებული ზაფხულში საერთოდ არ მოვა წყალი“.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერის, გიორგი გრიგოლაშვილის თქმით, მას ამ პრობლემის შესახებ პირველად ესმის:

„პირველ რიგში, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ხუთი დღეა წყალი არ მიეწოდებათ. მეორე ის, რომ მე იქ არ ვყოფილვარ და მესამე, საბარგო სადგურის პრობლემა არის გამოწვეული არა იმით, რომ მათ წყალი არ მიეწოდებათ რამე მიზეზის გამო, არამედ იმით, რომ გადახსნილი აქვთ ყველა მილი და გაშვებული აქვთ ბაღ-ბოსტნებში, სამწუხაროდ მე ვერ შევდივარ კერძო ტერიტორიებზე, რომ ეს აღვკვეთო. თუ მოსახლეობამ არ გაიგო, რომ ბაღების მორწყვა სასმელი წყლით არ შეიძლება, ეს პრობლემა არასდროს არ მოგვარდება. რამდენი წყალიც არ უნდა მივაწოდო, მინდორში გაშვებულ მდინარებს მე ვერ ავავსებ. სამწუხაროდ არ არსებობს სანქცია. ჩემგან მსგავსი დაპირება არავის მიუღია, რომ წყალს მივუტანდით და ჩვენი სამსახურიდანაც არავინ ყოფილა მისული. ინფორმაცია პირველად თქვენგან გავიგე და ეს თავხედური ტყუილია, რომ ვინმეს წყალი ხუთი დღეა არ მიეწოდება“.

ადიგენის ქუჩის მცხოვრებლები უწყლოობით შეწუხებულები და ამავე დროს დაბნეულები არიან – მათ უკვე აღარ იციან, ვის უნდა მიმართონ პრობლემის მოსაგვარებლად, ან ვინ სარგებლობს მათი სასმელი წყლით, მაშინ როდესაც თავად მათ ბაღ-ბოსტნები არ აქვთ.