რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2012-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში გზების მოწესრიგებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯა. აქედან მიმდინარე წელს 145 მილიონია განსაზღვრული.
აღნიშნულის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა 2019-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრეს.
„ყოველწლიურად რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებიდან დაახლოებით 35-40 მილიონ ლარამდე ითვისებენ მუნიციპალიტეტები და ახორციელებენ იმ პროექტებს, რომელსაც მოსახლეობა უკვეთავს. ასევე შთამბეჭდავია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინვესტიციები სამცხე-ჯავახეთში. მაგალითისთვის წელს დაფინანსებული პროექტების მოცულობა 22 მილიონი ლარია“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.
გასვლითი სხდომა სამცხე–ჯავახეთში 20 ივნისს გაიმართა.