თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმი რივიერას საქმეზე საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – მან პირველი ინსტანციის განჩინება გააუქმა და საკითხი საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
საიამ საჩივარი 22 იანვარს შეიტანა სასამართლოში. მაშინ პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საიას 22 ივნისს ჩაბარდა.
საიას ცნობით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განჩინებაში არ არის შეჩერებაზე უარის თქმისთვის აუცილებელი კონკრეტული და დამაჯერებელი მოტივები მითითებული, ამასთან, შეფასების გარეშეა დატოვებული მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული ანალიზია შემოთავაზებული.
“გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა განხორციელდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით და იგნორირებულია ფუნდამენტური პრინციპები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება და საჯაროობა.
სამშენებლო ნებართვა გაცემულია იმ პირობებში, რომ არაა ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშები, შესაბამისად, შეუსწავლელია განსახორციელებელი პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. ეს იმ პირობებში, რომ სამშენებლო საქმიანობის წარმართვა იგეგმება ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ზღვის სანაპირო ზოლში. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმის ისტორიული ნაწილი ფაქტობრივად კარგავს კავშირს ზღვასთან”, – განმარტავს საია.
ბათუმი რივიერას მშენებლობის ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს გასცა. ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას კომპანია სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი შპს რივიერა ბათუმი გეგმავს. პროექტს მილიონი ლარით აფინანსებდა თანაინვესტირების ფონდი.