ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

724

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოტეკის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან “საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის” პროგრამის განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებულ იქნება “ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობა ქ.ზუგდიდში”.

შესყიდვის ღირებულება 12 824 350.00 ლარია.

ბიბლიოთეკა მეორე საჯარო სკოლის გვერდით მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე აშენდება.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთიან სივრცეში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთკა, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სივრცეებით. აქ მსურველებს შეეძლებათ წარმოადგინონ საკუთარი იდეები, დანერგონ სიახლეები.

ზუგდიდში რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის მარტში განაცხადა.

თავდაპირველად მეორე სკოლის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია იყო დაგეგმილი, თუმცა სამუშაოების დაწყებისას გაირკვა, რომ შენობას საძირკველი მყარი არ ჰქონდა და გამაგრების სამუშაოები მხოლოდ საკმარისი არ იქნებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ აქ ბაღი აღარ აშენდებოდა.