ახმეტელის მეტროსთან ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს

767

გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ხელფასი შეუმცირდათ. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ყვითელი მიკროავტობუსები გადაუფორმდეს მათ და გადაეცეთ საკუთრებაში, როგორც ეს იყო შეთანხმებული.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ყვითელი მიკროავტობუსები ორი წლის წინ უნდა გადასცემოდათ, თუმცა, ამ დრომდე მათ საკუთრებაში არ არის.

აქციის მონაწილეების თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გამართავენ.

„ლურჯი მიკროავტობუსების შემოსვლის შემდეგ ძალიან კაბალური პირობებია, დაბალი ხელფასები, მძღოლის სრული დაუფასებლობა. ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე გადმოგვცენ საკუთრებაში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, რომლებზეც დიდი თანხები გვაქვს გადახდილი. შვიდის მაგივრად, ცხრა წელი ვიხადეთ და კიდევ არ არის ჩვენს საკუთრებაში გადმოსული. მეორე არის მძღოლის სათანადო ანაზღაურება, მძღოლების დაზღვევას, დაზღვევის გადახედვას არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ მანქანის დაზღვევის. 500-ლარიანი „ფრანჩიზა“ რომ დააკისრეს მძღოლებს, ესენი უნდა გაუქმდეს აუცილებლად. ყვითელ მიკროავტობუსზე აღარ ვმუშაობ, რადგან ჩანაცვლდა ლურჯით. ჩემი ნებით წამოვედი. ოთხი თვეა, აღარ ვმუშაობ ყვითელ მიკროავტობუსზე. ყვითელი მიკროავტობუსის შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველაფერს უზრუნველვყოფდით ჩვენ. მანქანის ცვეთას, საბურავი იქნებოდა თუ ძრავი, ყველაფერს. მოიჯარე ვინც ვიყავით, ვიხდიდით საგადასახადოს შემოსავლების სამსახურში, ყოველდღიურად შეგვქონდა დაწესებული გეგმა. ლურჯის შემთხვევაში, თვითონ რიცხავენ ხელფასს, საბარათე სისტემაზე გადავიდა მთლიანად. ტექნიკური უზრუნველყოფა, ლურჯის შემთხვევაში, კომპანიის ვალდებულებაა, ოღონდ იყო შემთხვევები, როცა წვრილმან დაზიანებებზე ავალდებულებენ მძღოლს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა, ავთანდილ კაკიაშვილმა.

ამასთან, ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების გამაფრთხილებელ აქციას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე შეუერთდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ამ უსამართლობაში ამ ადამიანების გვერდით ვიქნები ბოლომდე. ისინი აუცილებლად მიაღწევენ სამართალს. დღეს არის გამართხილებელი აქცია. არ შეისმენენ? ყვითელი მიკროავტობუსები გადაკეტავენ მთლიანად თბილისის ” , – განაცხადა ვაშაძემ.