სამცხე-ჯავახეთს აქვს მართლაც დიდი შესაძლებლობები და საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა ის მიმართულებაზე, რომელსაც სამინისტრო კურირებს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამინისტროს მიერ დიდი სამუშაოა ჩატარებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კი მან მზაობა გამოხატა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს რეგიონის განვითარების კომპლექსური გეგმის შემუშავებაში.
„თუ გადავხედავთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მართლა საოცარი სამუშაოა ჩატარებული. 630 მილიონია დახარჯული ბოლო 8 წელიწადში მხოლოდ გზების რეაბილიტაციასა და ახალი გზების გაკეთებაზე, წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემებზე. ამაში არ შედის გაზიფიცირება და არ შედის უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ დახარჯული ფული. ამას ემატება საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უბრალოდ ამოწურულია საჭიროება. ყველა საბავშვო ბაღი, რაც კი იყო საჭიროება არის აშენებული. ზოგ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროცესი. ვეცდები ყველა ეს საკითხი, რომელსაც აყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიტანოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ შედგეს რეგიონის განვითარების კომპლექსური გეგმა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომიტეტმა იმსჯელა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. მათ შორის, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის და რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების, სტიქიის პრევენციის ღონისძიებების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, ნაგავსაყრელების მოწყობის, დასახლებების კეთილმოწყობის, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინანსებით უზრუნველყოფილი პროექტების შესახებ.
„2012 წლიდან დღემდე დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია დახარჯული გზების მოწესრიგებაში სამცხე-ჯავახეთში, აქედან მარტო წელს 145 მილიონი ლარი იხარჯება გზების მიმართულებით. ყოველწლიურად რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებიდან დაახლოებით 35-40 მილიონ ლარამდე ითვისებენ მუნიციპალიტეტები და ახორციელებენ იმ პროექტებს, რომელსაც მოსახლეობა უკვეთავს. ასევე შთამბეჭდავია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინვესტიციები სამცხე-ჯავახეთში. მაგალითისთვის წელს დაფინანსებული პროექტების მოცულობა 22 მილიონი ლარია“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლითი სხდომის ფორმატში მუშაობას ხვალ დაასრულებს.