აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია დაიხურა

301

აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს მორიგ საკანონმდებლო ინიციატივებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება, კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

„უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო პაკეტი ერთდროულად საქართველოს სამი კანონის ცვლილებას ითვალისწინებს: ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“. საქართველოს კანონებში ცვლილების მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან მათი ჰარმონიზაციაა. შესაბამისი დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პარლამენტში უმაღლესი საბჭოს წევრები დავით გაბაიძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი წარადგენენ, კანონმდებლებმა ერთხმად მიიღეს. კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტში დავით გაბაიძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი წარადგენენ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტი სხდომაზე ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა.

მისი განმარტებით, ინიციატივის ავტორები პარლამენტს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის წინადადებით მიმართავენ. დადგენილების პროექტი ამჯერადაც ერთხმად დამტკიცდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე განცხადებები გააკეთეს. პლენარული სხდომით აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დაიხურა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.