“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას თბილისის მერობა არაფერში არ სჭირდება.
“თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა, მართლა გეუბნებით. არც თავმდაბლობის გარეშე ვაპირებ საუბარს. სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა”, – ამბობს მელია TV პირველის ეთერში.
შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ. არის ვარაუდი, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დააყენებს.
თუმცა, რამდენიმე პარტიამ ენმ-ს კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვა, მათ შორის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი განცხადებით, უნდა შეიქმნას მესამე, “მძლავრი მიზიდულობის ცენტრი”, რომლითაც ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება.
მელიას კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს მოქალაქეების ლიდერიც, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, პარტიაში მიდის მსეჯლობა, რომ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. რაც შეეხება “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს, ის ამბობს, რომ თუ ექნება შემოთავაზება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი უარს არ იტყვის და არც ვინმეს სასარგებლოდ თავის კანდიდატურას მოხსნის.