ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრამა და ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, თუ როგორ შეიძლება კოალიციურად იმართოს ამხელა ქალაქი – ამ იდეას აქვს სერიოზული პერპექტივა, ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ თბილისი უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე მის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან კოლეგებს მოუწოდა, ნუ იქნება თავდასხმა იმ მოდელზე, რომელზეც საჯაროდ ისაუბრა, რადგან როგორც ამბობს, ეს იდეა მსჯელობას იმსახურებს.
„ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციაა საჭირო. გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ის, რომ რადგანაც მეორე ტურები არ არსებობს, ოპოზიცია შეთანხმდეს მაჟორიტარობის კანდიდატებზე, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, ასევე ჩვენ უნდა დავაყენოთ თბილისი პოლიტიკაზე მაღლა. ჩვენ ეს მოდელი შესაძლოა, გავავრცელოთ სხვა ქალაქებზეც, ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრამა და ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, თუ როგორ შეიძლება კოალიციურად იმართოს ამხელა ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს მილიონნახევარი ადამიანი. ჯერ მოდელზე უნდა შევთანხმდეთ, ვეძებოთ კანდიდატი, შევქმნათ კაბინეტი და პროგრამა. თბილისს უნდა დავუბრუნოთ რეგიონში წამყვანი ფუნქცია, რომ „გუგლის“ ოფისი არ იხსნებოდეს ბაქოში და სხვა ქალაქებში, არამედ ჩვენ ვიყოთ ფინანსური, კულტურული ეპიცენტრი. კანდიდატურას რაც შეეხება, უნდა გაკეთდეს ე.წ. შორთლისთი და თბილისელებს უნდა შევთავაზოთ ვარიანტები და დაიწყოს ღია მსჯელობა მოდელზე. ეს მოდელი ჩემი აზრით, იმსახურებს მსჯელობას და ყველას ვთხოვ, რომ თავიდანვე ნუ იქნება თავდასხმა მოდელზე, რადგან იდეა, რომელსაც პერსპექტივა არ გააჩნია თავისთავად გაქრება, მაგრამ ვფიქრობ, ამ იდეას აქვს სერიოზული პერპექტივა, ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ თბილისი უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა,”- განაცხადა ხაზარაძემ.