პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ მანიფესტს აქვეყნებს. მანიფესტს Droa.ge უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი წყარო არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოს შექმნა, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მისი და მისი ოჯახის ღირსეული მომავლისთვის.
ამ მიზნის მიღწევისთვის, ჩვენი პოლიტიკა მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
- განვითარება
- დემოკრატია
- უსაფრთხოება
ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო დღეს, რომ ხვალ ეს სახელმწიფო ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს და მისცეს მათ სამართლიან, დემოკრატიულ, ეკონომიკურად განვითარებულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.
ძლიერი სახელმწიფო მოიცავს:
ძლიერ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ემსახურება არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მოქალაქის ინტერესებს. ეს არის ის საფუძველი, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება შეუძლებელია. ეს უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება და თავისუფლება იქნება პრაქტიკაში რეალიზებული. ეს არის გარანტია, რომ სახელმწიფო განვითარდება იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პიროვნება არის ხელისუფლებაში.
ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნას, რომლის პირობებში სახელმწიფო ქმნის თანაბარ პირობებს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების გამოყენებისთვის. სახელმწიფო ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ მოქალაქეს, ვისაც შეუძლია და სურს ეკონომიკის მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა, ამის შესაძლებლობა გააჩნია. სახელმწიფოს მშენებლობის ამ პროცესში, იქმნება სამუშაო ადგილები და პირობები თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის.
მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც თავისუფალია გავლენებისა და კორუფციისგან; ემსახურება მოქალაქეს, მის საჭიროებებს და არა ხელისუფლებას;
აქვს საზოგადოების ნდობა; უზრუნველყოფს კრიმინალისგან უსაფრთხო გარემოს, სამართლიან პასუხისგებას, ღირსეულ მოპყრობას, თანაბრად იცავს ყველას.
საგარეო პოლიტიკას, რომელიც ყველა დონეზე საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების გატარებას ემსახურება. მისი მიზანია, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზით, თითოეული მოქალაქისთვის მეტი თავისუფლების, უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის, ცხოვრების ევროპული სტანდარტის უზრუნველყოფა.
სოციალურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია იმათ დასახმარებლად, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ეკონომიკური განვითარებით მოტანილი სიკეთე ყველასთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.
განათლების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უნარების განვითარებას და ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი მომავალი თაობის ჩამოყალიბებას.
ადამიანის უფლებების დაცვას, რაც გულისხმობს თითოეული ადამიანის უფლების და თავისუფლების რეალიზებისთვის ქმედითი მექანიზმების დამკვიდრებას, თანასწორ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში განვითარებისა და ცხოვრების შესაძლებლობას.
დეოკუპაციას, დებორდერიზაციას, გაერთიანებულ საქართველოს, რომლისკენაც მივდივართ რაციონალური, სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და შედეგად ვიღებთ ქვეყანას, სადაც აღარ არსებობს საოკუპაციო ხაზი, სადაც ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ჩვენი ქვეყნის განვითარების პოტენციალი არ არის შეზღუდული 20%-ით.
კეთილსინდისიერ და ეფექტიან სახელმწიფო მმართველობას, რომელიც თავისუფალია არაფორმალური გავლენებისგან, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან; სადაც შექმნილია კონკურენტული გარემო პროფესიონალი საჯარო მოხელეების ძლიერი საშუალო რგოლის ჩამოყალიბებისთვის; სადაც საჯარო სამსახურში ყოფნა არ არის დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე.
ჩვენი მიზანია, ერთად ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ თავს საერთო საქმეში, იქნება სახელმწიფოს მშენებლობის ნაწილი, ახალგაზრდა მოახდენს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, დევნილი იქნება სათანადოდ და სამართლიანად უზრუნველყოფილი. სწორედ ძლიერი სახელმწიფოს არსებობა გამორიცხავს სამომავლოდ ხალხის სოციალური მდგომარეობით ვაჭრობას და ამ გზით პოლიტიკურ სპეკულაციას.
ამ პროცესში თითოეულ თქვენგანს თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს:
მეწარმე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, საქმიანობს სახელმწიფოს მიერ შექმნილ ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოში და იხდის გადასახადებს სახელმწიფოს მიერ შექმნილი მოქნილი საგადასახადო სისტემით და დაბალი საგადასახადო ტვირთით, აქვს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა – წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
პოლიციელი, რომელიც არის კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, სოციალურად უზრუნველყოფილი – ქმნის საფუძველს უსაფრთხო და მშვიდი გარემოსთვის.
მასწავლებელი, რომელიც არის დაფასებული, უზრუნველყოფილი და კვალიფიციური, ასწავლის თანამედროვე მეთოდებით რეფორმირებულ განათლების სისტემაში და უსაფრთხო სასკოლო გარემოში – ქმნის საფუძველს ჩვენი შვილების და სახელმწიფოს უკეთესი მომავლისთვის.
სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობს ნატოს სტანდარტების ქართულ ჯარში და გლობალურად მშვიდობის უზრუნველსაყოფად – ქმნის საფუძველს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ფერმერი, რომელსაც წლიდან წლამდე აქვს მეტი შესაძლებლობა, რომ დაამუშაოს მიწა, შექმნას დოვლათი და მიიღოს შემოსავალი – ქმნის საფუძველს ოჯახის კეთილდღეობისთვის, რეგიონების ეკონომიკური გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.
ექიმი, რომელიც საქმიანობს თანამედროვე სტანდარტების, ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სისტემაში, არის კვალიფიციური და საკუთარ საქმეში დაფასებული – ქმნის საფუძველს მოქალაქეების ხარისხიანი ჯანდაცვისთვის.
საჯარო მოხელე, რომელიც არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, აქვს თანაბარ პირობებში წინსვლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა, ემსახურება სახელმწიფოს და არა ხელისუფლებას – ქმნის საფუძველს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისთვის, ეფექტიანი და მოქნილი სახელმწიფო აპარატისთვის.
სპორტსმენი, რომელსაც ქვეყნის ყველა რეგიონში, სახელმწიფო უქმნის ხელშემწყობ პირობებს, რათა გამოავლინოს თავისი ნიჭი და ქვეყნის სახელით მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე – ქმნის საფუძველს სახელმწიფოს წარმატებისთვის.
ხელოვანი, რომელსაც აქვს ღირსეული პირობები და თავისუფალი შემოქმედებითი გარემო, სადაც მის ინტელექტუალურ საკუთრებას იცავს კანონი, სადაც სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობების, თვითმყოფადობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კულტურისა და შემოქმედებითი ცხოვრების შემდგომ განვითარებაზე – ქმნის საფუძველს ქვეყნის წინსვლისთვის.
ახალგაზრდა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ხარისხიანი განათლება, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში შეუძლია დასაქმდეს და იზრუნოს საკუთარ მომავალზე – ქმნის საფუძველს თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებისათვის.
ამავე დროს, სახელმწიფოს მშენებლობა ნიშნავს მოსახლეობის იმ ჯგუფებზე ზრუნვას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს:
ბავშვის უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაცვის სამართლიანი სისტემა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმართულია იმ პირებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამავე დროს, სისტემა უნდა იყოს იმგვარად ფორმულირებული, რომ სწრაფად უზრუნველყოს ამ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაბმა.
პენსიონერისთვის უზრუნველი სიბერე, ღირსეული პენსიითა და შესაბამისი ჯანდაცვის სისტემით, როგორც აუცილებელი მინიმუმი. ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა.
დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში, ხოლო დაბრუნებამდე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა.
ემიგრანტების დაბრუნებისთვის საქართველოში ცხოვრების შესაბამისი პირობების, მათ შორის, დასაქმების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის პირობების შექმნა, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისთვის.
ვეტერანების ღვაწლის ღირსეული დაფასება და მათზე ზრუნვა, რაც მათთვის სოციალური პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით მიიღწევა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სისტემური გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი თანაბარი მონაწილეობისთვის პირობების შექმნა.
უმცირესობებისთვის მხარდაჭერის სისტემის გაძლიერება, რაც ხელს უწყობს მათ თანაბარ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში, მისცემს მათ საკუთარი უფლებების თანაბრად რეალიზების შესაძლებლობას.
სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს – ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ავაშენოთ. ვერთიანდებით საქართველოსთვის!“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ მანიფესტში.