სვანეთში ოქროს მოპოვების ტრადიციული წესისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

2676

საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა პეტიცია, რომ სვანეთში ოქროს მოპოვების უძველეს ტრადიციულ მეთოდს, იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭოს.

68 კაციანმა ჯგუფმა მოთხოვნა საქართველოს მთავრობას და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს.

“სვანეთში ჯერ კიდევ შემონახულია უძველესი წეს-ჩვეულებები, სვანური ენა, ეკლესიები, კოშკები, უნიკალური ფრესკული მხატვრობა, ხელნაწერები და ჯვარ-ხატები, ფოლკლორი, ოქროს მოპოვების ტრადიციული მეთოდები, ძლიერი სამეურნეო ტრადიციები და მატერიალური კულტურა. თავისი მრავალფეროვნებით და უნიკალურობით სვანეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

სვანეთში ოქროს მოპოვების ისტორია უძველეს ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ცხადად ჩანს დღევანდელ რეალობაში.

სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი მეთოდები აღწერილია ძველ ბერძენ და რომაელ ისტორიკოსთა ჩანაწერებში.  ოქროს ნაკვალევს ძვ.წ. II ათასწლეულამდე მივყავართ, რომელიც ოქროს საწმისისა და არგონავტების ლეგენდასაც კი  უკავშირდება. იშვიათია მსოფლიოში ისეთი კუთხე, სადაც შემონახულია ოქროს მოპოვების მსგავსი მეთოდები. უძველესი კულტურა არ უნდა გაქრეს… შევინარჩუნოთ კულტურა”, – ნათქვამია პეტიციაში.

საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს მოქალაქეებს, ხელმოწერით დაადასტურონ პროექტის მხარდაჭერა.

საინიციატივო ჯგუფი სახელმწიფოს სთხოვს მხარდაჭერას, კომისიის შექმნას, ოქროს მოპოვების უძველესი მეთოდის უნიკალურობის, მსოფლიო მნიშვნელობის და განსაკუთრებული კულტურულ-სოციალური ღირებულების აღიარებას; იუნესკო-სთვის წინადადების მომზადებას და დადასტურებას, რომ წარდგენილი ნომინაცია აკმაყოფილებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის კულტურას და იმიჯს, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს UNESCO-სთან კულტურის კონვენციების შექმნას, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრად მმართველობის სისტემას, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ადამიანის უფლებებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და კულტურულ ფასეულობებს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს თვითმყოფადობის შენარჩუნებას. მათი თქმით, პროექტი მნიშვნელოვანი იქნება ტურისტული მიმზიდველობის, რეგიონის ცნობადობისა და ეკონომიკური აღმავლობის კუთხით, რაც კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიო ტურისტული საზოგადოების წინაშე.