ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად მანიფესტი მოამზადეს

1129

“ჩვენი მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტს”, – სწორედ ამ სახელწოდებით მოამზადეს მოქალაქეებმა მანიფესტი, რომელსაც ამ ეტაპზე, 5 ხელმოწერა აქვს. მიმართვის ადრესატი საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტროა.

მანიფესტის ავტორის ალექსანდრე ყლოშვილის თქმით, “ერთი ადამიანის ხუშტურის გამო” ბრძოლა ისეთი პროექტის წინააღმდეგ, რომელშიც ინვესტიციას ახორციელებენ უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები და კორპორაციები დედამიწის ყველა წერტილიდან, ღალატის ტოლფასია.

“საქართველოს მოსახლეობა კარგად აცნობიერებს და აანალიზებს ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებს. ქართველი ერი ხვდება, თუ რამდენად ახლოს დგას საქართველო ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრახის წინაშე.

და ამ ყველაფრის ფონზე, სახელმწიფო არათუ ხელს უწყობს, არამედ ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია ! პროექტის მასშტაბურობაზე მეტყველებს კვლევა, რომელიც წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია BuroHappold Engineering-მა და ამერიკულმა კომპანია Moffat & Nichol – მა შეიმუშავეს. კვლევის შედეგებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 20 წლის განმავლობაში 475 ჰა მიწას აითვისებს, 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მილიარდი აშშ დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს.

ვფიქრობთ, რომ ერთი ადამიანის ხუშტურის გამო ბრძოლა ისეთი პროექტის წინააღმდეგ, რომელშიც ინვესტიციას ახორციელებენ უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები და კორპორაციები დედამიწის ყველა წერტილიდან ღალატის ტოლფასია.

ღალატის ტოლფასია, იმიტომ რომ ვიცით რომელ ქვეყანას არ აწყობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება! ამიტომაც საქართველოს მოსახლეობა ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, რომ შეასრულონ დადებული პირობა და დაეხმარონ პორტს სამუშაოების დასრულებაში.

თუ მაინცდამაინც მაიკლ პომპეომ უნდა გააკრიტიკოს კიდევ ერთხელ რომ დახმარების ხელი გაუწოდონ კონსორციუმს?”, – ნათქვამია მანიფესტში.