„ნაცმოძრაობის” წევრი: აჭარის მთავრობა ქობულეთის სანაპიროზე 28.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს

546

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის მთავრობა კორუფციული გზით ქობულეთის სანაპიროზე 28.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული აუქციონი უკვე გამოაცხადა.

რეზო ხარაზის თქმით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს გაცილებით იაფად სხვისხდება, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ აუციონები “ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ კომპანიებზეა მორგებული.

„27 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვის სანაპირო ზოლზე 28.5 ჰექტარი მიწის პრივატიზაციის შესახებ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ხელისუფლებამ შეაფასა 48 მილიონ ლარად, ანუ ერთი კვადრატული მიწის ნაკვეთის ღირებულება განსაზღვრა 168 ლარად (51 აშშ დოლარი) რაც არ შეესაბამება აღნიშნული ნიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას. ქობულეთში კერძოდ, ბობოყვათში ზღვისპირა ზოლში მიწის ფასები შეადგენს მინიმუმ 150 აშშ დოლარს. ამ აუქციონის პირობებში მითითებულია როგორც მდიდრული ვილების, ასევე აპარტოტელების მშენებლობა.

ამასთანავე პირობა ითვალისწინებს, ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანის მოწყობას და არანაკლებ 30 მცურავ საშუალებაზე (ნავი, იახტა და ა. შ.) გათვლილ ნავმისადგომს.

ქობულეთისთვის მსგავსი ზღაპრული საინვესტიციო პროექტები ნაცნობია, მაგალითად, უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო ე.წ “მწვანე ქალაქი” ფიჭვნარში და დასაქმებული უნდა იყოს უამრავი ადგილობრივი მცხოვრები. ასევე, კარგად გვახსოვს დაბა ჩაქვსა და ციხისძირში ზღვის სანაპიროზე პრივატიზებული მიწის ნაკვეთები, სადაც უნდა მოწყობილიყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, საბოლოო ჯამში კი, ეს მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების საკუთრებაში“, – აცხადება რეზო ხარაზი.