მარნეული-წითელი ხიდის ავტობუსი დაზიანებულია – მუნიციპალიტეტი მგზავრებს ალტერნატივას ვერ სთავაზობს

365

უკვე ერთი წელია, რაც მარნული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი მარშრუტზე იშვიათად გადის. ამ თემაზე სტატიას მარნეულის რადიო ავრცელებს.

„ერთი დღე თუ მუშაობს, ერთი თვე არ დადის,“ – ამბობს მგზავრი, რომელსაც ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ გადაადგილების პრობლემა შეექმნა. მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით სულ ორი მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს, ერთ-ერთის გაფუჭების გამო კი მოსახლეობას პრობლემები ექმნება. კირაჩმუღანლოში მცხოვრები გვიყება, რომ მათი სოფლის გარდა, პრობლემა აქვს კაჩაგანისა და თაქალოს მოსახლეობასაც.

„ახლა მხოლოდ ერთი ავტობუსი დადის. უკვე ერთი წელია რაც პრობლემა მექმნება მე, როგორც მგზავრს და მარნულში მომუშავე ადამიანს. ვინც ვმუშაობთ მაგათთვის ძნელია გადაადგილება. ადრე, როცა გამართულად მუშაობდა, ჩემი სოფლიდან დილით 08:00 საათზე გამოდიოდა ავტობუსი და მარნეულიდან საღამოს 17:30-ზე გადიოდა. ახლა გვირთულდება ძალიან, მე პირადად ჩემ სოფლამდე მისასვლელად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მჭირდება. ან ტაქსით, ან სხვა სოფლის ტრანსპორტით დავდივარ“

მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები მარნეულის მერიის ბალანსზეა. მუნიციპალური შპს-ს ხელმძღვანელი გიგა ჯალაღონია განმარტავს, რომ ტრანსპორტი, რომელიც ახლა დადის, საკმარისია და ამ ყველაფერს მგზავრთა ნაკადის შემცირებით ხსნის. ფიქრობს, რომ მგზავრთა გადაადგილების შემცირება საზღვრების ჩაკეტვამაც განაპირობა.

„ახლა ორის ნაცვლად ერთი დადის. დაზიანდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება ის ტრანსპორტი, რომელიც გაფუჭებულია. რა ვქნათ, თავს ზემოთ ძალა არ არის, უბრალოდ არ გვყავს სხვა, რომ გავუშვათ. გამოჩნდება თუ არა სხვა რაიმე ტრანსპორტი, აუცილებლად გავუშვებთ, თუ ეს იქნება საშველი“

გაურკვეველია კიდევ რამდენ ხანს მოუწევს მარნეული- წითელი ხიდის მგზავრებს არსებულ ვითარებაში ყოფნა.