ზუგდიდში გზის შეკეთებისას საუკუნოვანი ქვაფენილი გამოჩნდა

642

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის მოპირდაპირედ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას ძველი, რიყის ქვებით დაგებული გზა გამოჩნდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

ეს გზა კი თავის დროზე, მე-19 საუკუნეში გაიჭრა, როცა ზუგდიდის მაზრის განაშენიანება იწყებოდა. ისტორიკოსი და მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია რადიო თბილისთან ამბობს,რომ სწორედ მეცხრამეტე საუკუნის 80-იანიანი წლებით თარიღდება ეს ქვაფენილი და დღევანდელი კოსტავას ქუჩაც ერთადერთი არ არის, სადაც თავის დროზე მსგავსი ინფრასტრუქტურა მოეწყო.მისი თქმით, ქვებით ქუჩების მოკირწყვლის დაწყება იოსებ მიქაბერიძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, როცა ის ზუგდიდის მაზრის ხელმძღვანელად დაინიშნა.

“ჩვენ გვაქვს ამაზე არაერთი მონაცემი, წერილობითი წყაროები, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდებოდა ზუგდიდში ახალი ქუჩების გაჭრა. ბევრგან აღმოჩნდა ეს ქვაფენილები. დაფიქსირდა 2000-იანი წლების დასაწყისშიც, როცა ხდებოდა რეკონსტრუქცია. მაშინ გამოიკვეთა რამდენიმე ადგილას. მართალია ფრაგმენტულად, მაგრამ ჩანდა თანამედროვე თეატრის შენობის მიმდებარედ. ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია როცა ხდებოდა, მაშინაც გამოიკვეთა რამდენიმე ფრაგმენტი”, – აცხადებს ლაშა ჯიქია.

მისი ინფორმაციით, გზების მშენებლობის პროცესში მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართული და ურმებით ეზიდებოდნენ რიყის ქვებს, ისე უხაროდათ ქალაქის განაშენიანება.

ისტორიკოსი ამბობს, “ივერიის”, “დროების”, სხვა გაზეთების ცნობით, ამ პერიოდში ზუგდიდში არაერთი გზა დაიგო. გზა გაიჭრა მათ შორის თანამედროვე კომბინატის მიმართულებითაც.

,,ახლა აქ …ალეიაში (ბულვარში) მოდის წმინდა და დიდი წყალი, რომელსაც აქეთ-იქეთ ნაპირები აქვს ამოყვანილი ღობით ანუ ქვებით. წყალზედ არავის ნება არა აქვს ცხენი მოიყვანოს და წყალი ასვას. გაღმა-გამოღმით წყალს ნაპირზედ აქვს კიბეები, საიდანაც კაცს შეუძლია წყლის ამოღება. მშვენივრად გაწმინდეს ხეები ბულვარში. აქ ახლა ვეღარ იპოვის კაცი ღორებსა და ძაღლებს, რომლებიც წინეთ ძლიერ სვრიდნენ ბულვარს და უსიამოვნებას აძლევდნენ კაცსა. დუქანზედ წინ აღარ იპოება ჩამოკიდებული ფარდები, არც აწყვია შეშები და არც ყავრები. მშვენივრად გასწმინდეს, მოკირწყლეს და გააკეთეს ქუჩები, სადაც მანამდის სიარული არ შეეძლო კაცს“, – ვკითხულობთ 1877 წელს გამოცემულ გაზეთი ,,დროებაში”.

ლაშა ჯიქიას განმარტებით, გზების ქვაფენილებით მოწყობა სათავეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იღებს და როგორც ჩანს, სწორედ იმ პერიოდის ინერეცია მოყვება მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდსაც.