სოფელ ჯიხაშკარში გზის და წყალმომარაგების პრობლემებზე ხელისუფლებას მიმართავენ

530

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სამარღიოს უბანში მისასვლელი გზის მშენებლობის და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნით ხელისუფლებას განცხადებებით მიმართეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

გამოცემის ცნობით, მათ მიერ გამოქვეყნებული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც გზის და წყალმომარაგების სისტემის არქონაზე იყო საუბარი, სამარღიოს უბნის მცხოვრებლებს ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” მოქმედი სამოქალაქო საბჭოს წევრები ადგილზე შეხვდნენ სოფლის მკვიდრთ და გაეცნენ დასახლებაში არსებულ ვითარებას.

როგორც “ლაივპრესს” ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ განუცხადა, სოფელში მოქალაქეებმა გზის მშენებლობის მოთხოვნით 102 ხელმოწერა შეაგროვეს.

“ხელმოწერები დაერთო განცხადებებს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პარალელურად გაიგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც”, – გვითხრა არჩილ თოდუამ.

ორგანიზაციას სახელმწიფო უწყებებიდან გარდა წერილების მიღების დადასტურებისა სხვა პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიუღია.

წერილობით გაგზავნილ განცხადებაზე ზუგდიდის მერიიდან პასუხი უკვე მიიღო სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს კოორდინატორმა ლევან პაპავამ. მან ადგილობრივ ხელისუფლებას იმის გასარკვევად მიმართა, თუ რას გეგმავს სოფელში არსებული გზის და წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად.

პასუხად წერილობით განუმარტეს, რომ გზის მშენებლობისთვის და წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად პირველ რიგში შესადგენია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მანამდე კი უნდა მოიძიონს შესაბამისი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები.

როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი “ლაივპრესთან” საუბარში განმარტავს, წერილში მერიამ ასევე თქვა, რომ მიმდინარე წელს ამ დასახლებაში გზა მოიხრეშება, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის.

სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მერიას არც ის განუმარტავს, როდის დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და თანხების მოძიების მიმართულეით მუშაობა. ამიტომ, როგორც ლევან პაპავა აცხადებს, ამ დეტალების დასაზუსტებლად აგრძელებენ საქმის წარმოებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სამარღიოს უბანში მცხოვრები თეონა ჭეჟია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ მხოლოდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და სახალხო დამცველის წარმომადგენელი გამოეხმაურა.

“სახელმწიფო უწყებებიდან, მათ შორის არც მერიიდან არავინ დაგვკავშირებია”, – გვითხრა თეონა ჭეჟიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილია. მოქმედი და წინა ხელისუფლების პირობებში დაპირებების მიუხედავად ამ უბნას გზა და წყალმომარაგების სისტემა არასდროს ჰქონია. საუბარია უბნის ცენტრთან დამაკავშირებელ 4 კილომეტრიან გზაზე. ინფრასტრუქტურის არქონის გამო მაღალმთიან სოფელში ხშირად უფუჭდებათ ტრანსპორტი, ამ მიზეზით გაცილებით ძვირია ტაქსის მომსახურებაც, მისვლა უჭირს სასწრაფო დახმარების მანქანას.

როდის შესრულდება სამარღიოს უბნის მცხოვრებთა მრავალწლიანი მოთხოვნა, ვერც ჩვენ გვიკონკრეტებენ მერიაში. “ლაივპრესისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ “ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ყველა გზის ერთდროულად რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება. მიმდინარეობს დამატებითი რესურსის მოძიება”. რაც შეეხება წყლის პრობლემას, მერიაში განმარტეს, რომ “ესეც სისტემურია” და მუშაობენ მის “ეტაპობრივად მოგვარებაზე”.

მათი მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 110-ზე მეტ ქუჩას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.