ქალაქ ფოთში მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მდინარე რიონზე აშენდება ახალი, 8 მალიანი, 436 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი. ხიდთან ერთად აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება.
ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.
,,ამჟამად არსებული გზა ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობით მოგვარდება არსებული პრობლემები და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა.
ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც მისი მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლია შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.
ფოთის ხიდის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიებისთვის სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა 2021 წლის 6 ივლისის 16:00 საათამდე აქვთ განსაზღვრული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.