ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა იგებენ. ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული.
ნესტან ქარჩავა სოფელ ხაბუმეში ჩხოროწყუს მერის წარმომადგენლის პოზიციას 2007 წლიდან იკავებს, დათო გოგუა კი ჩხოროწყუს მერი (2017 წლამდე გამგებელი) 2012 წლის დეკემბრიდანაა.
შპს “თენგო+”
ნესტან ქარჩავას მამა, გონერი ქარჩავა შპს “თენგო+”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს “თენგო+”-მა 2011 წლიდან დღემდე 55 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 32-ჯერ გაიმარჯვა, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 2,202,218 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ შპს “თენგო+”-ს მოგებული 32 ტენდერიდან 18-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 შემთხვევაში კი მოხდა კონკურენტის დისკვალიფიკაცია. 5 შემთხვევაში შპს “თენგო+”-ს ხელშეკრულება გაუფორმეს მის მიერვე შეთავაზებულ თანხაზე მაღალი ღირებულებით, მათ შორის სამჯერ ხელშეკრულების ღირებულება ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე მეტიც იყო.
2012-2020 წლებში შპს “თენგო+”-მა 10 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 282,389 ლარი.
შპს “თენგო+”-ს მიერ მოგებული 32 ტენდერიდან 28 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე მოდის, ასევე 10 გამარტივებული შესყიდვიდან 6 შემთხვევაში შემსყიდველი სწორედ ჩხოროწყუს მერია იყო.
რუსლამ ქარჩავა
სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულია ნესტან ქარჩავას ძმა, რუსლამ ქარჩავაც, იგი, ერთი მხრივ, ინდივიდუალური მეწარმის, ლაშა ქობალიას (რომელიც ქარჩავების მეზობელია) მინდობილი პირია, მეორე მხრივ კი, თვითონ მონაწილეობს შესყიდვებში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე.
რუსლამ ქარჩავამ, როგორც ლაშა ქობალიას მინდობილმა პირმა, ტენდერებში 2016 წლიდან დღემდე 29-ჯერ მიიღო მონაწილეობა და 20 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 444,237 ლარი შეადგინა. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი იყო. აღსანიშნავია, რომ 20 მოგებული ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტის დისკვალიფიკაცია, 9 შემთხვევაში კი ხელშეკრულება გაფორმდა შეთავაზებულზე მაღალი ღირებულებით, მათ შორის ხუთჯერ ხელშეკრულების ღირებულება ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე მეტი იყო. 2015-2020 წლებში ლაშა ქობალიამ 382,038 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო, მათ შორის 12-ჯერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისაგან.
ლაშა ქობალიას მიერ მოგებული 20 ტენდერიდან ხელშეკრულებას ხუთჯერ ხელი ლაშა ქობალიამ, 15-ჯერ კი რუსლამ ქარჩავამ, როგორც მინდობილმა პირმა, მოაწერა. ამავე ტენდერების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებზე 3-ჯერ ხელს ლაშა ქობალია, 17-ჯერ კი რუსლამ ქარჩავა აწერს. 13 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან ექვსს ხელს ლაშა ქობალია, შვიდს კი რუსლამ ქარჩავა აწერენ.
საკუთრივ რუსლამ ქარჩავამ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, 66,637 ლარის ღირებულების ხუთი გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელთაგან 58,796 ლარის ღირებულების ორი შესყიდვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე მოდის.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, შპს “თენგო+”-ისა და რუსლამ ქარჩავას (ლაშა ქობალიას) ჩართულობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.