ყვარლის მერს უწყების ერთ-ერთი სამსახურის პოლიტიკური ნიშნით გაუქმებაში ადანაშაულებენ

777

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, უწყების ერთ-ერთი სამსახურის პოლიტიკური ნიშნით გაუქმებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.

მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, აკაკი კეკენაძე მიიჩნევს, რომ როსტომ სესიაშვილმა, საკრებულოს, სამსახურის ლიკვიდაციის მოთხოვნით, მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მიმართა.

” 14 წელია ვმუშაობ, საჯარო სამსახურში, აქედან 9 წელი, ამ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. არცერთი დისციპლინური სახდელი არ მაქვს. ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ნიშნით მიღებული. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როსტომ სესიაშვილმა დაიწყო, საჯარო მოხელეების დევნა. ჯერ ჩემი მეუღლე გაამთავისუფლეს, რამდენიმე თვის წინ, ახლა -მე. ერთადერთი მიზეზი არის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც თანხვედრაში არ მოდის მის პოზიციასთან,” – განაცხადა კეკენაძემ.

პოლიტიკური ნიშნით მიღებულად თვლიან განყოფილების ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებიც.