უცნაურ ამბავი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. სოფელ სალიბაურში მცხოვრებლებმა, რომლებიც გზის დაგებას წლების განმავლობაში ელოდნენ, ძროხის ჩლიქებით გაფორმებული ინფრასტრუქტურა მიიღეს. საქმე იმაშია, რომ აჭარის საავტომობილოო გზების დეპარტამენტმა ტერიტორია კეთილმოაწყო,ბეტონის საფარი დააგო, თუმცა, იქ ადგილობრივებზე ადრე მსხვილფეხა რქოსანმა გაიარა. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, სოფელ სალიბაურში ახლად დაგებული გზა ასე გამოიყურება: სოფლის ისტორიაში პირველ მობეტონებულ გზაზე ოთხფეხა პირუტყვმა სამუდამო ნაკვალევი დატოვა. სამი დღის წინ საგზაო დეპარტამენტმა ბეტონი ისე დაასხა, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია. ადგილზე არც შესაბამისი მაჩვენებლები დასვეს, რის გამოც ეს შედეგი დადგა.
აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა ისე მიმდინარეობდა, რომ პროცესი, მათთვის ცნობილი არ იყო. მათი თქმით, წლების მანძილზე ნანატრი ინფრასტრუქტურას, პირველად საქონელი ეწვია და თავად ამ სახით დახვდათ. ნაწილი გვიყვება, რომ მსგავსი ფაქტი სხვა სოფლის მაგალითზეც მომხდარა, შედეგი კი, არავის გამოუსწორებია.
სოფელ სალიბაურში, გზის მოწყობით სამუშაოებს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ახორციელებს. უწყებამ, კონკრეტულ შემთხვევაზე, სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა, პრესსამსახურში კი, სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე უსაფრთხოების ლენტი განათავსეს. მათი მტკიცებით, 100-მდე მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე, აღდგენითი სამუშაოები, რამდენიმე დღეში განხორციელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროგრამის მიხედვით, ჯამში 20 კილომეტრზე მეტი გზის მონაკვეთი უნდა დაიგოს. რა თანხა დაიხარჯება სამუშაოებისთვის? აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან პასუხი ვერ მივიღეთ.