ტყიბულის მერის მოადგილის ნათესავებს ბიუჯეტიდან 178 000 ლარზე მეტი მისცეს. თანხის 95 % მათ უტენდეროდ გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ გიორგი ლომთაძის მერის მოადგილედ დანიშვნამდე, მის ნათესავებს არც ერთ ტენდერში არ მიუღიათ მონაწილეობა. გიორგი ლომთაძის დანიშვნის შემდეგ ტყიბულის მერია მის ნათესავებს ხელშეკრულებებს ხან სამშენებლო სამუშაოებისთვის უფორმებს, ხან ავტოსატრანსპარტო მომსახურებისთვის, ხან ხის მასალის დახერხვისთვის.
“ერთი ნათესავი, 67 წლის ქალბატონი, ინდმეწარმედ 2020 წლის 14 სექტემბერს დარეგისტრირდა, ხოლო აქედან 1.5 თვეში მან ბიუჯეტიდან 59,000 ლარი უტენდეროდ მიიღო. სხვა ნათესავი ერთადერთი პრეტენდენტია სკვერის მოსაწყობად გამოცხადებულ 77,600 ლარიან ტენდერში, რომელშიც ის, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს,”- წერია კვლევაში.
კვლევაში საუბარია გიორგი ლომთაძის დედის, მარიან ბუბაშვილის ბიძაშვილის ოჯახის წევრებზე. “ფლანგვის დეტექტორში” ამბობენ, რომ ბუბაშვილების ოჯახის ინდ.მეწარმედ რეგისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტიდან თანხების მიღებას ემსახურება და სამეწარმეო გამოცდილება მათ არ გააჩნიათ.
“მას შემდეგ რაც გიორგი ლომთაძემ ტყიბულის მერიაში მაღალ თანამდებობზე დაიწყო მუშაობა, დედამისის ბიძაშვილის ოჯახის წევრებმა ინდმეწარმის სტატუსით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხები მიიღეს ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების გზით. ასე მაგალითად:
თენგიზ ბუბაშვილი ინდ.მეწარმედ 2006 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2014 წლამდე მას არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებოდა, ხოლო 2014-20 წლებში მან ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან 15,400 ლარი მიიღო. აქედან 5,700 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით. მისგან მუნიციპალიტეტი ხან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ქირაობდა, ხან ხის მასალას ახერხინებდა, ხან სამშენებლო სამუშაოების მომსახურებას ყიდულობდა.
კახი ბუბაშვილი ინდ.მეწარმედ 2005 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მამამისის მსგავსად, 2014 წლამდე არც მას ჰქონია რაიმე ტიპის აქტივობა. 2014-20 წლებში მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 104,248 ლარი მიიღო. მთელი ეს თანხა მას ტყიბულის მუნიციპალიტეტმა პირდაპირი შესყიდვის გზით გადასცა. მსგავსად მამამისა, მუნიციპალიტეტს მასთან ერთი ტიპის მომსახურებაზე არ დაუდია ხელშეკრულებები და მისგან ხან ავტოსატრანსპორტო მომსახურებას ყიდულობდა, ხან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და ხან ამწის მომსახურებას.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის კომუნალური გაერთიანების მიერ 2021 წლის 27 აპრილს გამოცხადებულ 77,500 ლარიან ტენდერში, რომლის მიზანიცაა ქალაქ ტიყბულში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია, კახი ბუბაშვილი ერთადერთი პრეტენდენტია, რომელთანაც სავარაუდოდ აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდება და ის ბიუჯეტიდან დამატებით 77,000 ლარს მიიღებს.
67 წლის ნანული ლომთაძე ინდ.მეწარმედ 2020 წლის 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. რეგისტრაციიდან ზუსტად 2 კვირაში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მასთან 19,400 ლარიანი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა სოფ.მუხურაში გზების მოხრეშვის სამუშაოებისთვის, ხოლო აქედან 1 თვის ვადაში მასთან მეორე გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა 39,500 ლარის ოდენობით რომელიც ასევე გზების მოხრეშვის მომსახურებას ეხებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მსგავსი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება 67 წლის ნანული ლომთაძეს, ცხადია, არ ჰქონია. აღსანიშნავია ისიც რომ ბიზნესის რეესტრის ამონაწერში მისი როგორც ინდ.მეწარმის საკონტაქტო გრაფაში მითითებულია მისი მეუღლის თენგიზ ბუბაშვილის ელ-ფოსტა, რაც მეტყველებს იმაზე რომ ნანული ლომთაძე მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი ინდ.მეწარმე და რეალურად მის სახელს მისი ქმარ-შვილი იყენებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად,”- წერს ფლანგვის დეტექტორი.