ხარაგაულში „საქმიანი ეზო“, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ამოქმედდება

467

ტყითსარგებლობის ახალი წესის თანახმად, 2023 წლიდან მოსახლეობას შეშის ტყეში მოპოვება ეკრძალება. საშეშე მერქანი ე. წ. „საქმიანი ეზოებიდან“ გაიყიდება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში შემოდგომაზე ერთი „საქმიანი ეზო“ უნდა ამოქმედდეს.

„სატყეო დეპარტამენტიდან გვაიმედებენ, რომ წელს თბობის სეზონის დაწყებამდე, ხევში „საქმიანი ეზო“ აშენდება, – ამბობს სოსო ფოფხაძე, – საშეშე მერქნის მარაგი გვაქვს, სატყეო დეპარტამენტში ყველაირი დოკუმენტაცია გაგზავნილია.

მომავალ წელს „საქმიანი ეზო“ დიდვაკესა და კიცხში უნდა მოეწყოს.

ჯერჯერობით ისევ ძველი რეჟიმით ვმუშაობთ, – გამოყოფილია ახალი ტყე-კაფები, ვითვისებთ ძველ ნაშთებსაც. 21 მაისიდან ხარაგაულში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შეშით მომარაგებას დავიწყებთ. ეს პროცესი 2021 წლის ივლისში უნდა დავასრულოთ“.

უცვლელია საშეშე მერქნის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები და ფასები.

მოქალაქემ უნდა მიმართოს იმ ტყის მცველს, რომელიც მის უბანს ემსახურება. ტყის მცველი მას ტყეკაფის ნომერს მისცემს. ამის შემდეგ მოქალაქე ბანკში გადაიხდის თანხას (ერთი კბმ რცხილა და წიფელა – 6 ლარი, მურყანი – 5 ლარი) და შესაბამის ქვითარს წარუდგენს ტყის მცველს, რომელიც მას შეშის ტრანსპორტირების უფლების დოკუმენტს გადასცემს.

ერთ ოჯახს 7 კბმ საშეშე მერქანის მოპოვების უფლება აქვს, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს – 15 კბმ შეშის.