დევიდ მაკალისტერი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში

802

საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კახა კუჭავასთან და დელეგაციის წევრებთან. ახალ სპიკერს მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში. ისინი უნდა შეურთდნენ პარლამენტს, ვინაიდან ისინი აირჩიეს მოქალაქეებმა. კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული. ეს დასაწყისია რეფორმების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა. ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა პარტიების ერთობლივი მუშაობა სჭირდება. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ევროპარლამენტი ყოველთვის იყო პროევროპული საქართველოს მხარდამჭერი და ასეა დღესაც“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.