ენმ-ის წევრი: 1 წლის წინ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო, თუმცა, იგი ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა

354

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ერთი წლის წინ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო, „თუმცა, იგი ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა“.

რეზო ხარაზის თქმით, პროექტის ღირებულება 19 990 002,4 აშშ დოლარს შეადგენდა. მისი თქმით, სამუშაოების დაწყებამდე კანადურ კომპანიას 3 998 000, 48 აშშ დოლარი გადაეცა, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. მისი განცხადებით, კომპანიის დირექტორი საქართველოდან გაქცეულია.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპორტის სახეობა, ცურვა, ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში შეეწირა ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს. აქ ყინულის სასახლის ტერიტორიაზე 1 წლის უკან უნდა დასრულებულიყო ბათუმელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საცურაო აუზი და ყინულის დარბაზი, სადაც ხელისუფლებამ ხელშეკრულება გაუფორმა გაურკვეველი წარმომავლობის კანადურ კომპანიას და ავანსის სახით გადასცა დაახლოებით 4 000 000 მილიონამდე აშშ დოლარი. შედეგად ვხედავთ, რომ 1 ლარი არ დახარჯულა აღნიშნულ პროექტზე, ხოლო კანადური კომპანიის ქართული ფილიალის დირექტორი გაქცეულია საქართველოდან ავანსად გაცემული 4 მილიონი დოლარის თანხლებით“, – აცხადებს ხარაზი.