ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით, გიორგი გახარიასადმი სიმპათიის გამო გაათავისუფლეს.
მისი მტკიცებით, სამსახურიდან გათავისუფლების სხვა მოტივი არ არსებობდა, არ იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა ღიად აფიქსირებდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ კეთილგანწყობას.
„2013 წლიდან ვარ საჯარო სამსახურში. მუნიციპალური ინსპექციის დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მთხოვა შეხვედრა და განცხადების დაწერა. ამ მოთხოვნას ვუკავშირებ მხოლოდ იმას, რომ გახარიას მიმართ მაქვს სიმპათიები, არანაირი სხვა პოლიტიკური აქტივობა არ მქონია, სხვა სამსახურებრივი პრობლემა არ გამაჩნდა, შესაბამისად, სხვა დასაბუთება არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი თავდგირიძემ.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანებას, თავდგირიძე ამბობს, რომ ის არაფერს გამორიცხავს.
„არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი აქტიურობა, რომ გუნდის ან პარტიის წევრობა მქონდეს. სიმპატიები მქონდა, კეთილგანწყობილი ვარ, ძლიერი, კარგი მენეჯერი იყო. როგორც მოგეხსენებათ, რა პროცესები მიდის ქვეყანაში, მივხვდი, დავწერე განცხადება და წამოვედი“,- აცხადებს ირაკლი თავდგირიძე.
მუნიციპალურ ინსპექციაში კი ბრალდებას უარყოფენ.
„ირაკლი თავდგირიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, არანაირი ზეწოლა მასზე არ განხორციელებულა, მით უმეტეს, პოლიტიკური ნიშნით“, – განაცხადეს საქართველოს პირველ არხთან ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.